1783873081
საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს, პეტრესა და პავლეს, მათი ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია - შალვა პაპუაშვილი
საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო.
„პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში პეტრე-პავლობის დღესასწაულზე ბოლნისის მთავარეპოსკოპოსის, ეფრემის მიერ აღვლენილ წირვას დავესწარი.
საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს, პეტრესა და პავლეს, ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის ორ უდიდეს სვეტს. მათი ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია.
საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა.
სწორედ ამიტომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილე თითოეულ ჩვენგანს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ იმ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს ქვეყანას.
ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.












