საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებაში, მეზობელი ქვეყნები ამას აფასებენ, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის ირგვლივ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოსთვის თურქეთი არა მხოლოდ მეზობელი ქვეყანაა, არამედ არის სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თურქ მეგობრებს ძალიან თბილი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მულტიპოლარულობაზე როდესაც არის საუბარი, რა თქმა უნდა, ეს დიდი გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის. ამავდროულად, როცა საუბარია მულტიპოლარულ სამყაროზე, ეს შესაძლებლობებსაც გულისხმობს ყველა ქვეყნისთვის. მათ შორის პატარა, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის და ეს ძალიან კომპლექსური, რთული ვითარება გვაძლევს საშუალებას, გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა მსოფლიოს სხვდასხვა კუთხეში. მიმაჩნია, რომ ეს განზომილება გვაძლევს საშუალებას, ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმაოთ პარტნიორებთან“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და შესაბამისად, აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით.

„საქართველო პატარა ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მთელ პაკეტზე 50-მდე ქვეყანასთან და რეგიონთან, მათ შორის ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთანაც. საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შესაბამისად, ყოველთვის ასე იყო და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით. ამ ფუნქციის აღდგენა მაქსიმალურად უნდა მოხდეს. ამის ერთადერთი საშუალება არის ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება მთელ მსოფლიოსთან. ამიტომ, ეს არის ჩვენი ხედვა.

ამასთან, უვიზო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 50 ქვეყანასთან. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკური პარტნიორობაც. იგივე ხედვა გვაქვს რეგიონში. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და რეგიონში არსებობს კონფლიქტებიც სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამას აფასებს, ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ, სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ, ამავდროულად, ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი.

უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს. ეკონომიკურად ქვეყანა საკმაოდ კარგად მიდის წინ. 2021 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, 2021 წლიდან მოყოლებული საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.4 პროცენტი, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებლია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ კონცენტრირებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.