საქართველო სრულად უცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინას, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას, მაგრამ სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საქართველო სრულად და აბსოლუტურ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლების ზღვარზე ზემოთ, სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიუღიათ პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებაზე.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც მხარე, ვერ დაფიქსირდება.

„კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და პირდაპირ ვიტყვი, იმისთვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. მათ უნდათ და ეს თქვა კიდეც კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე, სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში. რუსეთის საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ არის, არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას.

როდესაც რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ასე შემდეგ, ხომ გესმით, რომ მათ საქართველოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებული იარაღის, საბრძოლო მასალის თუ სამხედრო ტექნიკის მიწოდების მოლოდინი ობიექტურად არ აქვთ. ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს, როგორც მხარე, სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში. დანარჩენი, რაც ილაპარაკა, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო. ქუჩის სახელის დარქმევაზე და უამრავ რაღაცაზე იყო საუბარი. მთავარი სათქმელი და მიზანი იყო, საქართველო უნდა დაფიქსირდეს მხარედ მაშინ, როდესაც საქართველო 30 000-ზე მეტ დევნილს იფარებს, საქართველო უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას, საქართველო არის 400-ზე მეტი დოკუმენტის მხარდამჭერი თუ თანაავტორი, მათ შორის, საქართველო არის იმ დოკუმენტების მხარდამჭერი, რომლებიც შეეხება ჰააგასა და სამხედრო ტრიბუნალს რუსეთის წინააღმდეგ. ზოგ შემთხვევაში, თანაინვესტორი, ზოგ შემთხვევაში, მხარდამჭერი, ზოგ შემთხვევაში, თანაავტორი. შესაბამისად, საქართველო სრულად და აბსოლუტურ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს თავისი შესაძლებლობების ფარგლების ზღვარზე ზემოთ, სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების მქონე, ნომერ პირველ რისკის ქვეშ მყოფი, სამხედრო მხარდამჭერად ვერ დაფიქსირდება. ეს არის მარტივი მოცემულობა. ეს მხოლოდ კასიანოვისგან არ გაგვიგია, გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, უკრაინელები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომ უნდა შევისეირნოთ სოხუმში, უნდა გავუწიოთ სამხედრო მხარდაჭერა, უნდა ჩაერთოს საქართველო ომში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.