საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

 გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა. საღამო 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა.

სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა დიალოგის, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საერთაშორისო ნორმების პატივისცემის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, დიდი პასუხისმგებლობით ემსახუროს ორგანიზაციას და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

„დიდი პატივია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, რომ ამ საღამოს გიმასპინძლოთ. ამ კვირამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთის მოსმენა და ერთად მუშაობა. მოგეხსენებათ, საქართველომ განაცხადი შეიტანა 2027 წლისთვის ეუთოს თავმჯდომარეობაზე და ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ჩვენ არ გვჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ ევროპის უსაფრთხოება დიდი ზეწოლის ქვეშ არის და კომუნიკაცია და თანამშრომლობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საქართველოს აქვს ამ ორგანიზაციასთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გვესმის სუვერენიტეტის მნიშვნელობა, რაც მნიშვნელოვანია ეუთოს თითოეული წევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე გვესმის, რომ დიალოგი, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა, საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის პატივისცემა, ვალდებულებების შესრულება არის ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი. ეს პრინციპები მნიშვნელოვანია ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ასევე გვესმის, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად გზების ძებნა მოითხოვს მიზანდასახულობას, მოთმინებასა და პოლიტიკურ გამბედაობას. საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან. საქართველო მზადაა ემსახუროს ამ ორგანიზაციას, მოუსმინოს ყველა ქვეყანას და ხელი შეუწყოს დიალოგს და ჩვენ ამას გავაკეთებთ დიდი პასუხისმგებლობით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მოსვლისთვის და სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. ისიამოვნეთ ქართული კერძებით და ღვინით“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.