1747637698
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აკაკი ალადაშვილი აირჩიეს

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აკაკი ალადაშვილის კანდიდატურა წარადგინა. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კომიტეტის სხდომაზე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების საკითხზე კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
„პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოები გაუქმდება და დროებითი კომისიის ფუნქციები გაძლიერდება. შესაბამისად, იმ საქმიანობას, რასაც მუდმივმოქმედი საბჭოები ახორციელებდნენ, შეითავსებს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს დროებითი კომისია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია შეიქმნა, რომელიც წევრთა რაოდენობის და პროპორციული კვოტირების განსაზღვრას საჭიროებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, დროებითი კომისია პარლამენტის 10 წევრით დაკომპლექტდება, საიდანაც ფრაქცია „ქართულ ოცნება“ წარმოდგენილი იქნება ხუთი წევრით, პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალას“ ორი წევრი ეყოლება, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტებს“ -1 წევრი, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო დეპუტატების კვოტა კი 2 წევრი იქნება.
კომიტეტის წევრებმა დროებითი კომისიის კვოტირების საკითხს მხარი დაუჭირეს.