საპარლამენტო კომისია დაუთმობს ტრიბუნას ყველას, ვისაც აქვს ინტერესი, რაც მთავარია, ერთი მიზნით, რომ საბოლოო ჯამში ფასებმა დაიწოს და არ იყოს ამხელა ტვირთი საზოგადოებაზე - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

 "კომისია შემდეგი რამდენიმე თვე დაუთმობს ტრიბუნას ყველას, ვისაც აქვს გარკვეული ინტერესი და, რაც მთავარია, ერთი მიზნით, რომ საბოლოო ჯამში, ფასებმა დაიწოs და არ იყოს ამხელა ტვირთი საზოგადოებაზე", - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

"ამიტომ, ჩვენ ველით ძალიან საინტერესო განხილვებს ამ საპარლამენტო დისკუსიაში და გვინდა ყველას მოვუწოდოთ, ვინც არის დაინტერესებული, აქტიურად ჩაერთონ ამ დისკუსიებში", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ფასების რეგულირების საკითხზე საპარლამენტო კომისია აქტიურად მუშაობს. მიმდინარე კვირიდან პარლამენტში სხდომები გაიმართება. 14 წევრისგან შემდგარი კომისიის მიზნად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება სახელდება.

საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად გრძელდება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმის გამოყენებით მუშაობა. ჯერ საბოლოო დასკვნები არ გაკეთებულა, თუმცა გადადგმულია პირველი ნაბიჯი - მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასი უკვე შეამცირეს.