საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი განიხილება კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში, თუმცა რა ზომები იქნება მიღებული, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარეობს - დიმიტრი ცქიტიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი

საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი განიხილება კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში, თუმცა რა ზომები იქნება მიღებული, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს და ის ხვალ გახდება ცნობილი.

„ჩვენ, ასე ვთქვათ, ექსტრემისტი ოპოზიცია, ვითხოვთ ადამიანის უფლებების დაცვას ქვეყანაში და დღეს ჩვენი პარტია აქ ითხოვს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იყოს ძალიან ობიექტური შეფასებები, რადგან ეს არის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესი, ფუნდამენტური პრინციპი საქართველოს ევროსაბჭოში შემოერთების. ჩვენ ვიბრძვით ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის და რასაც აკეთებს ხელისუფლება, არის ეროვნული ინტერესების ღალატი, არა მხოლოდ აქ ყოფნით, არამედ ყველა იმ პროცესით, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში განახორციელეს. მათ შორის, როდესაც მოშალეს დემოკრატიული განვითარება, საქართველოს ევროინტეგრაცია, ეს არის ანტიკონსტიტუციური და სახელმწიფო ღალატი.

რაც შეეხება უფლებამოსილების საკითხს, ფაქტია, რომ დაიწყო საკითხის განხილვა კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში. საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, თუმცა ყველა ხვდება და ამბობს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა არის კრიტიკული და არ არის ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ასე ვთქვათ, არც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნისთვის. თუმცა რა ზომები იქნება მიღებული, გამომდინარეობს პოლიტიკური კონტექსტიდან და ზოგადი ვითარებიდან. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ამას იღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ხვალ გვეცოდინება ამაზე ზუსტად პასუხი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.