1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ყველამ ნახა, რომ ძირითადი საქმე არის პარლამენტის გასაკეთებელი, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს. იმ გეგმაში, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, გაწერილია პასუხისმგებელი კომიტეტები, ვადები იმ საკითხების გასავლელად და დეტალურად დასაგეგმად. გვქონდა კომუნიკაცია კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მათ შორის, ცალკეული საკითხები არის, რომელსაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გავუწიო კოორდინაცია, კერძოდ, დეპოლარიზაციის საკითხებს და ჩვენ, უახლოეს დღეებში უკვე დავიწყებთ ამ პროცესს. მეც მექნება შეხვედრები ამასთან დაკავშირებით, რომ ფორმატები შევათანხმოთ პარლამენტის სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, ისე, როგორც არასამთავრობო სექტორთან“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტის შესასრულებლად.
„რაც შეეხება ამ ფორმატებს, სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს. ასე რომ, სხვა რა ფორმატი შეიძლება იყოს, როდესაც არის მცდელობა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ ამა თუ იმ საკითხზე?! - ამ ფორმატს ჰქვია სამუშაო ჯგუფი. ძირითადი საქმე არის პარლამენტის გასაკეთებელი, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, თუმცა, ამავე დროს, დეპოლარიზაციის საკითხსაც. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტია ის ორგანო, სადაც ბევრი პოლიტიკური ჯგუფია თავმოყრილი. იმ 12 პრიორიტეტიდან, რომელიც ევროპულმა კომისიამ დაადგინა, არც ერთი პუნქტი არ ეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც შეეხება ბარიერს. იქ არსად წერია 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის შესრულება დეპოლარიზაციისთვის და ეს არის მარტივი მანიპულაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.