საკითხი არის უმძიმესი, ერთმანეთისთვის იარლიყების მიწებება საჭირო არ არის - გიორგი ვოლსკი პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დაპირისპირებაზე

გიორგი ვოლსკი

საკითხი არის უმძიმესი. ერთმანეთისთვის ასეთი იარლიყების მიწებება არ არის საჭირო. საკითხი არის ძალიან მძიმე, შეკითხვა დაისვა და ამ შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

გიორგი ვოლსკი ამით გამოეხმაურა ფრაქცია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის გამოსვლას, რომელმაც მიხეილ სარჯველაძეს "ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში თანამდებობის პირი" უწოდა.

"საკითხი არის უმძიმესი. ერთმანეთისთვის ასეთი იარლიყების მიწებება არ არის საჭირო. საკითხი არის ძალიან მძიმე, შეკითხვა დაისვა და ამ შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი. უკაცრავად, თუ შეიძლება ამ თემას ერთმანეთთან სიტყვიერი ადგილიდან დაპირისპირების ასპარეზად ნუ გადავაქცევთ. ქალბატონო ქეთევან, თქვენც ყველამ გაითვალისწინეთ, რომ შეკითხვა არის შეკითხვა", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტში ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. მიხეილ სარჯველაძე ინტერპელაციის ფორმატში ფრაქციამ "საქართველოსთვის" დაიბარა. მინისტრისთვის გაგზავნილი 24 შეკითხვიდან პირველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობას ეხება. დეპუტატები მინისტრისგან განმარტებას ითხოვენ, რატომ ამბობს სახელმწიფო უარს ახალი პრეპარატების დაფინანსებაზე. ასევე, კითხვები ეხება ონკოპაციენტების მკურნალობის გამოწვევებს, მედიკამენტების ხარისხსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეფორმასაც.