ირანმა კატარში განლაგებული ამერიკული ავიაბაზის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
1750697563
პარტია „ლელო“ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. უკვე გააკეთა განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ, რაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ მას 8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
„სადაც არ უნდა ავიყოთ - საკანში ვიქნებით თუ გარეთ, ეს ბრძოლა გაგრძელდება. მოგიწოდებთ ყველას - სრული მობილიზაცია გააკეთეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - თბილისის დაბრუნება შეგვიძლია, თუ ჩვენ, ყველა გამოვალთ. ყველა პარტიის ყველა ლიდერი ციხეშია - ჩვენ დღეს გვაქვს იმის იმედი, რომ ეს საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს განსაკუთრებით თბილისში და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში, დაირაზმება და ამათ გავყრით.
დემონტაჟი, დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან - ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და მე ჩემს მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა - ზურასაც, ნიკასაც, ნიკასაც. ახლა სახლში ჯდომა, ხელებისა და ყურების ჩამოყრა არის დანაშაული," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მცირე კომენტარი გააკეთა „ლელოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, რომელსაც სასამართლომ ასევე 8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
„ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება ჩემი და მამუკას მიმართ, მაგრამ ასეთი უმსგავსობით ვერ გაგვტეხავენ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.