საჰაერო განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა ხარკოვსა და მიკოლაევში - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 ივლისს

news

საჰაერო განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა ისმოდა გასული ღამის განმავლობაში ხარკოვსა და მიკოლაევში.

ოკუპანტებმა საზენიტო რაკეტებით დნეპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის ტერიტორია დაბომბეს.

უკრაინული მედია ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ბახმუტის ჩრდილოეთით წინსვლას გეგმავენ.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამხრეთში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენეს ოკუპანტებს: გაანადგურეს რუსების საბრძოლო მასალის საწყობები და რუსეთის ეროვნული გვარდიის სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტი.

უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებაზე რუსი ოკუპანტების იერიშები მოიგერია - ორ ადგილას ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.

***

დღეიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლების ტარიფი  გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

კერძოდ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74, 00 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება.

„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის.

ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები.

სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორციელებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას.

აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი.

25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა:

მეორე კლასი - 34 ლარი;
პირველი კლასი - 74 ლარი;
ბიზნესკლასი - 124 ლარი;
მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს.

აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება.

ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

***

სოჭში მასშტაბურ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, სტიქიის გამო ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მსგავსი სტიქია არ მომხდარა. სტიქიის დროს მაშველებმა რამდენიმე ათეული ადამიანის, მათ შორის ათი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

სტიქიის შედეგად, ძლიერ დაზიანდა გზები. ამ დროისთვის ექსპერტები სწავლობენ ძველი და ახალი მეწყრული პროცესების გააქტიურების ადგილებს, ასევე დაზიანების ადგილებს. სოჭში ასევე მიმდინარეობს ნაგვით სავსე პლაჟების აღდგენა.

***

ირანმა რუსეთს „შაჰედ 129“-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ირანული უპილოტო თვითმფრინავების პარტია კასპიის ზღვით რუსეთში გაიგზავნა, სამომავლოდ კი ასტრახანისა და ვოლგოგრადის გავლით სამხედრო ტვირთის მიტანა უკრაინის საზღვრამდე იგეგმება.

„შაჰედ 129“-ის შემუშავების დროს უპილოტო თვითმფრინავს საფუძვლად დაედო ისრაელის საფრენი აპარატი „ჰერმეს 450“ და ამერიკული აპარატი „ემქიუ-1 პრედატორი“. „შაჰედ 129“-ის ფიუზელაჟის სიგრძე რვა მეტრია, ფრთების სიგრძე – 16 მეტრი, საბრძოლო დატვირთვა კი 400 კგ-მდეა, ფრენის სიჩქარე – 150 კმ/სთ-მდე 200 კმ-მდე რადიუსით, ფრენის სიშორე 1700 კმ-მდე. აპარატს ჰაერში 24 საათამდე შეუძლია გაჩერება.