13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984
ბოლო ორ წელში საქართველომ ენით გამოუთქმელი დანაკლისი განიცადა. თითქოს შეთანხმებულად, ქართული კინოს ლეგენდები, მსახიობები, მწერლები წაგვართვა ვერაგმა სიკვდილმა. სიკვდილის გათამამებას ხელი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამაც შეუწყო, რომელთანც ქართველი მედიკოსები ხან იმარჯვებდნენ, ხანაც კი მარცხდებოდნენ უთანასწორო ბრძოლაში.
კოვიდის ერთ-ერთი მსხვერპლი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გახლდათ...
კოვიდით დაინფიცირებამდე ნათელა მაჭავარიანს შეხვედრია და თავის გადაცემაში მიუწვევია. როგორც ის გვიყვება, რეჟისორს გეგა კობახიძეზე საუბარი სურდა.
“მთხოვა, მოდი ჩემს გადაცემაში და “ლაზარეზე” და გეგაზე ვილაპარაკოთო. მე ვუთხარი, შენ იმდენი გაქვს გეგაზე ნალაპარაკები, რაღა უნდა ვილაპარაკოთ-მეთქი. არა, მე და შენ დავსხდეთ და ვილაპარაკოთო. სულ გეგას ქებაში იყო. ძალიან განიცდიდა გეგას ამბავს… შვილივით უყვარდა” – “პრაიმტაიმს” ბუბა ხოტივარზე უყვება ნათელა მაჭავარიანი.
მხატვრული ფილმი “ლაზარეს თავგადასავალი” 1973 წელს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლს 9 წლის გეგა კობახიძე ასრულებს. სურათში თამაშობენ ისეთი მსახიობები, როგორებიც იყვნენ – კახი კავსაძე, ლია ელიავა, ვასილ ჩხაიძე, ავთანდილ მახარაძე, ჯემალ ღაღანიძე…
ფილმის გადაღების დროს ტრაგედია დატრიალდა. მას რეჟისორი ქართლოს ხოტივარი იღებდა. გადაღება ქართლის სოფლებში – ქვათახევსა და წინარეხში მიმდინარეობდა. გადამღები ჯგუფი ამ სოფელში იყო დაბინავებული.
როგორც ამბობენ, მათთან ახლოს გეოლოგიური ექსპედიცია იყო ჩასული, გეოლოგები მალე დაუმეგობრდნენ გადამღები ჯგუფის წევრებს. ქართლოს ხოტივარს ქართლში თან ცოლ-შვილი ჰყავდა. ათასი მითქმა-მოთქმა დადიოდა. ჭორის თანახმად, რეჟისორმა ცოლისა და ერთ-ერთი გეოლოგის სავარაუდო ურთიერთობის გამო ეჭვიანობა დაიწყო. რეჟისორის ეჭვიანობას კი მალევე მსხვერპლი მოჰყვა.
ერთი ვერსიის თანახმად, გეოლოგი ომარ დანელია მეგობრებთან ერთად გორში რესტორანში ვვახშმობდა. ქართლოს ხოტივარი რესტორანში შესულა, სუფრასთან მყოფებს მისალმებია, ომარ დანელიასთვის ხელი მოუხვევია და საძილე არტერია იმ ხანჯლით გადაუჭრა, რომელსაც როგორც რეკვიზიტს, გადაღებების დროს იყენებდნენ.
საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სასამართლოზე გაირკვა, რომ გეოლოგს რეჟისორის მეუღლესთან არანაირი რომანი არ ჰქონია. რეჟისორი სასჯელს ჯერ რუსთავში, შემდეგ ციმბირისა და ურალის სასჯელაღმკვეთ დაწესებულებებში იხდიდა.
“ლაზარეს თავგადასავლის” მეოთხედი ნაწილი უკვე გადაღებული ყოფილა. მოგვიანებით, ის, რეზო ჩხეიძის დიდი სურვილითა და დაჟინებით, ქართლოსის ძმამ, ბუბა ხოტივარმა დაასრულა.
ნათელა მაჭავარიანი “პრაიმტაიმის” მკითხველისთვის თავის შვილსა და ბუბას იხსენებს…
ნათელა მაჭავარიანი: – ტელევიზიასთან მოვდიოდი და ქართლოს ხოტივარი შემხვდა. გეგას აქებენ, მე ფილმს ვიღებ და ხომ არ მოიყვან, რომ სინჯი გადავუღოთო. რამდენიმე ბიჭი კი მყავს გასინჯული, მაგრამ გეგას მაინც ვსინჯავო. გეგამ სინჯი რომ გაიარა, ქართლოსმა მითხრა, ოცი ბიჭი მაინც გავსინჯე, მაგრამ ასეთი არც ერთი არ მყავსო.
წავედით ქვათახევში და დაიწყო გადაღებები. თითქმის მთელი ფილმი იქ არის გადაღებული. მაშინ ცხრა წლის იყო გეგა და დიდი პროფესიონალივით მუშაობდა. ქართლოსი გაგიჟებული იყო, ეს რა ბავშვი ვიპოვეთო.
სულ უყვარდა ფილმების ყურება, მათზე საუბარი, ხატავდა, ვითომ სცენარებს თხზავდა, მოკლედ, მამის ხაზით ეს ინტერესი ჰქონდა. მე სულ თეატრში ვიყავი და დამყავდა იქ. ყველაფერმა ამან იმოქმედა. თანაც მანამდე ნანა მჭედლიძის ფილმში მიიღო გამოცდილება. ფილმში “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” პატარა ავადმყოფი ბიჭის როლს ასრულებდა.
ცელქი იყო, მაგრამ ძალზედ კონტაქტური. ყველას უყვარდა, გიჟდებოდნენ. ქართლოსი როგორც ეტყოდა, ზუსტად ისე ასრულებდა როლს. ლია ელიავა, კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე, ყველა გიჟდებოდა გეგაზე. თან ჰყვებოდნენ…
ზოგჯერ მამიდაჩემი მიყვებოდა გეგას გადაღებებზე. მე მამიდას გაზრდილი ვარ და გეგას გაზრდაშიც მან მიიღო მონაწილეობა.
მერე მოხდა ტრაგედია, ქართლოსი ციხეში აღმოჩნდა და ფილმის გადაღება ბუბამ განაგრძო. ბუბასაც შვილივით ჰყავდა გეგა. ის კეთილი, ადამიანების მოყვარული და სათნო ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი ხელოვანი. ახლა მისმა გარდაცვალებამ შემზარა.
ძალიან კარგად გააგრძელა ფილმი და ძალიან კარგიც გამოვიდა. მსახიობთა არაჩვეულებრივი ანსამბლი იყო დაკავებული. ანარქისტი ანანიას როლში გურამ ნიკოლაიშვილი გახლდათ, ცირკში მუშაობდა. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ამ ფილმში. სხვაგან არც კი მინახავს და მას შემდეგ არც არაფერი გამიგია მასზე. საინტერესო სახე კი შექმნა.
მართლა ნიჭიერი ბიჭი იყო და არ ჰქონია ისეთი მომენტი, აი, “მე ფილმში მიღებენო”. რომ სთხოვდნენ, მოდი, ჩაგწერთ, ისაუბრე შენს როლებზეო, გაურბოდა, მე არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, რომ ჩემზე დაიწეროს ან რამე ითქვასო. დედა, როგორი კარგი ხარ იქ-მეთქი, ვეტყოდი. ოჰ, კაი დედა, რა. რა კარგი ვარო. სხვანაირი ტიპი იყო. არ ჰქონდა ამბიცია.
ხატვა თავისით ისწავლა. თვითნასწავლი მხატვარი იყო. აკადემიაში აკითხავდა ძმაკაცებს, ართმევდა ფუნჯებს, საღებავებს და იქ ხატავდა. ალბათ, კარგი მხატვარიც იქნებოდა. ბევრი საინტერესო ნახატი აქვს. უფრო პორტრეტები – ცოლის, დის, ბებიის…
“რასკადროვკას” აკეთებდა საოცარს. მამამისი, მიშა გიჟდებოდა, მე მიჭირს ხანდახან კადრების აწყობა, გეგას როგორ გამოსდისო… მიშას ეს ფილმიც მოსწონდა და გეგას თამაშიც.
– და მაინც თქვენი საყვარელი ეპიზოდი ამ ფილმში რომელია?
– ლაზარე საჭმელს რომ ურიგებს რესტორნის გარეთ ტყვეებს და იქ უსინათლოს რომ შეხვდება, როგორ უყურებს, როგორი შეფასება აქვს. ავთო მახარაძე (უსინათლოს როლში) რომ დაუძახებს, ლაზარეო! ეს ეპიზოდი მიყვარს.
მთელი ფილმი საინტერესო სანახავია. გადაღების დროს კი ძალიან იღლებოდა. უსინათლო რომ აძალებს, ჭამეო, იმ მომენტში ხელს კრავს და ამ დროს, შემთხვევით, გეგამ მუხლი დაარტყა ქვას. ეტკინა და ცრემლი წამოუვიდა. გადაღება რომ დამთავრდა, ვკითხე, ძალიან გეტკინა, დედა, მუხლი-მეთქი? ისე ძალიან მეტკინა, შემრცხვა ცრემლი რომ წამომივიდაო. ფილმში ცრემლი რაც მოსდის, ნამდვილია, მუხლის ტკივილისგან გამოწვეული.
ძალიან გული მტკივა ქართლოსზეც, ბუბაზეც. მიშას მეგობრები იყვნენ. ხშირად ბაკურიანში ერთად დავდიოდით. რომ დამირეკავენ, ჩართე ტელევიზორი, “ლაზარე” გადისო, ვეღარ ვუყურებ, დამანებეთ თავი, აღარ მინდა ამ ფილმის ნახვა-მეთქი, ვეუბნები.
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984