საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების  მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.

ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ  დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებული მწვავე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების საკითხი. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა  საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის რეგიონში ნდობის აღდგენისაკენ მიმართული პროექტების შეზღუდვისა და დაბლოკვის მცდელობებზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2025 წლის 11-12 ნოემბერს.