1735251690
საფრთხეები არსებობს. ის ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებიან ვითომდა პოლიტიკური პოზიციიდან „ქართულ ოცნებას“, რეალურად არიან ადამიანები, ვინც სხვა არაფერი იცის, თუ არა ამ დესტაბილიზაციის ორგანიზების საკითხი - გიორგი ვოლსკი
მგონი სერიოზული გაწბილებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვა ინსტრუქციით მოქმედებენ და დღეს ფიქრობენ, რომ გააფთრებული შეტევა ცესკოზე არის ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც შესაძლოა რაღაც გავლენა მოახდინონ ახალგაზრდებზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიშში ცესკოს მუშაობის დადებით კონტექსტში წარმოჩენა რა ტიპის ნიადაგს შეიძლება უქმნიდეს შესაძლო რევოლუციურ სცენარებს არჩევნების შემდეგ.
გიორგი ვოლსკის თქმით, საფრთხეები არსებობს.
„მგონი სერიოზული გაწბილებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვა ინსტრუქციით მოქმედებენ და დღეს ფიქრობენ, რომ გააფთრებული შეტევა ცესკოზე არის ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც შესაძლოა რაღაც გავლენა მოახდინონ ახალგაზრდებზე. ახალგაზრდებზე, მათ ენთუზიაზმზე, რომ გარეთ გამოვიდნენ, შექმნან დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც მეიდნამდე მიიყვანს. მე გაცილებით უფრო სერიოზულად ვაფასებ იმ საფრთხეებს, ვიდრე ეუთო/ოდირის მოხსენებაშია.
საფრთხეები არსებობს, ის ადამიანები, ვინც უპირისპირდება ვითომდა პოლიტიკური პოზიციიდან „ქართულ ოცნებას“, რეალურად ეს არიან ადამიანები, ვინც სხვა არაფერი იცის, თუ არა ამ დესტაბილიზაციის ორგანიზების საკითხი. თუ ისინი დაკარგავენ საგარეო მხარდაჭერას, რეალურად ჩაფიქრდებიან, რა ელით მათ პიროვნულადაც, იმიტომ, რომ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა, პატარა საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობა, რომელიც უშველებელი გამოწვევების წინაშე დგას, გაცილებით უფრო დიდია, უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე ეს წუთიერი ამაღელვებელი და ხშირ შემთხვევაში, სულელური ან უტიფარი განცხადებები, რასაც ჩვენი ოპონენტებისგან ვისმენთ. სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, მთავარი მოღალატეობრივი ნაბიჯები, რომლებმაც ოკუპანტს ჩააბა 20% ჩვენი ქვეყნისა, არის კიდევ გასარჩევი და გასაანალიზებელი.
„აქედან გამომდინარე, რაც დრო გავა და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო გააფთრებული იქნება შეტევა სტაბილურობაზე და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ახალგაზრდებო, დაფიქრდით, საით მიგექაჩებიან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.