საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილეს.

განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანმა აუდიტორმა  მეგი კოდოშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის თქმით, აუდიტი მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს და გაცემულია 4 რეკომენდაცია.

„განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნისთვის -18-დან 21 წლამდე ასაკის პირისთვის წარმოადგენს შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. პროგრამა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებთან და ბავშვზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებასთან დაახლოების კუთხით“, - განაცხადა მეგი კოდოშვილმა.

გაცემულ რეკომენდაციებზე დეტალურად ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ და აღნიშნა, რომ არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.

კომიტეტის წევრებს საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარმა აუდიტორმა მარიამ ჭოლოკავამ გააცნო.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პროგრამის მიზანია, საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებული სისტემები და სერვისები გახდეს უფრო ეფექტიანი და ინკლუზიური. პროგრამა შეეხება  განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებს.  მისივე თქმით, აუდიტის პერიოდი 2024 წელს მოიცავს და პროგრამასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არ გაცემულა.

„აუდიტის შედეგად გაიცა არამოდიფიცირებული მოსაზრება, რაც გულისხმობს, რომ ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ანგარიშგების გათვალისწინებით, მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად“, - განაცხადა მარიამ ჭოლოკავამ.