ტრამპი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში გააფრთხილა ნეთანიაჰუ, რომ ირანთან კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ისრაელი შესაძლოა, მარტო აღმოჩენილიყო

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში გააფრთხილა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ ირანთან კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში ისრაელი შესაძლოა, მარტო აღმოჩენილიყო.

ისრაელის მე-12 არხთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს სთხოვა, არ ეპასუხა ირანის ბალისტიკურ სარაკეტო თავდასხმებზე. მისი თქმით, სატელეფონო საუბარი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა თეთრი სახლის რამდენიმე მაღალჩინოსანს დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა შეძლო ისრაელის საპასუხო მოქმედებების რამდენიმე დღით გადადება, რათა გაგრძელებულიყო აშშ-ირანის მოლაპარაკებები შესაძლო შეთანხმების შესახებ.

ტრამპის თქმით, რეგიონში შუამავლობის პროცესში ჩართულმა ხუთმა ქვეყანამ სთხოვა, ნეთანიაჰუზე ზეწოლა მოეხდინა, რათა თავდასხმები შეჩერებულიყო და მხარეები შეთანხმების გზას დაბრუნებოდნენ.

ტრამპის ინფორმაციით, დილით ირანელმა მაღალჩინოსნებმა ვაშინგტონს აცნობეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ დამატებითი თავდასხმების განხორციელებას არ გეგმავდნენ და სანაცვლოდ ისრაელის მხრიდანაც შეტევების შეწყვეტა მოითხოვეს. ამის შემდეგ, ტრამპის თქმით, მან კვლავ დაურეკა ნეთანიაჰუს და დაარწმუნა, რომ შემდგომი დარტყმებისგან თავი შეეკავებინა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია. მისი შეფასებით, თეირანი შეთანხმების გაფორმებით არის დაინტერესებული და ასეთი შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების დასრულებამდე, მისი აზრით, სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, თუმცა პროცესი ისრაელსა და ირანს შორის დაწყებულმა სამხედრო დაპირისპირებამ შეაფერხა.