საარჩევნო უბნები, ტექნოლოგიური ინტერვენციებიდან გამომდინარე, გამსხვილდა და, შესაძლოა, ზოგიერთი ამომრჩევლის შემთხვევაში მისამართი შეიცვალა - გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესის საფინალო ეტაპზე იმყოფება. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამომრჩეველთა ბარათების დარიგება, რომელიც უკვე ორი დღეა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ხვალისთვის დასრულდება.

“როგორც იცით, დღეს ადმინისტრაცია საარჩევნო სამზადისის საფინალო ეტაპზე იმყოფება, რომლის ერთ-ერთი ბოლო პროცედურა გახლავთ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება. ეს ნაწილია იმ საინფორმაციო კამპანიების, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უშუალოდ მივიტანთ ამომრჩევლის ბარათებს, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული ინფორმაცია საარჩევნო უბნის შესახებ, სიაში ყოფნის შესახებ და ა.შ. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ელექტრონული საშუალებების მეშვეობით კიდევ ერთხელ უზრუნველყონ ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავიანთი მონაცემების გადამოწმება,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია სხვადასხვა ელექტრონული საშუალებების, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, ცესკოს ვებგვერდი და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით. “ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ყველა იმ სოციალური არხისა თუ სატელეფონო გზით, რომელსაც ჩვენ სერვისის სახით ვთავაზობთ ამომრჩეველს,“ - დასძინა მან.

კალანდარიშვილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს საარჩევნო უბნის მისამართების გადამოწმებას, რადგან ბოლო დროს ტექნოლოგიური ცვლილებების გამო, უბნები შეიცვალა და შესაძლოა, ზოგიერთი ამომრჩევლის მისამართი განსხვავებული იყოს.

“სიების გადამოწმების კუთხით, განსაკუთრებული ყურადღების ადრესატი გახლავთ საარჩევნო უბნის მისამართები, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო უბნები, ტექნოლოგიური ინტერვენციებიდან გამომდინარე, გამსხვილდა და, შესაძლოა, ზოგიერთი ამომრჩევლის შემთხვევაში მისამართი შეიცვალა. მნიშვნელოვანია, რომ დროის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, იმთავითვე ვიყოთ სწორად ინფორმირებული, თუ სად იქნება ჩვენი საარჩევნო უბნები,“ - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

თუმცა, იგი განმარტავს, რომ ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ ნიშნავს, რომ მოქალაქეს არ ექნება არჩევნებში მონაწილეობა.

“ეს შესაძლოა მოხდეს იმ მიზეზით, რომ სამუშაო პერიოდში ხორციელდება, შეიძლება სახლში არ დაგვხვდნენ, შეიძლება ვერ მოხდეს მიტანა ამ ინფორმაციის,“ — აღნიშნა კალანდარიშვილმა, “აქედან გამომდინარე, ეს არ იქნეს გაგებული იმდაგვარად, რომ ეს არის რამე პრევენცია არჩევნებში მონაწილეობასთან მიმართებაში.“

ამასთან, კალანდარიშვილი ამბობს, რომ ტექნოლოგიების დისტრიბუციის და საარჩევნო პროცესების ორგანიზების მთავარი საკითხი, როგორიცაა ბიულეტენების ბეჭდვა და მათი გადაცემა ქვემდგომი კომისიებისთვის, უკვე დასრულებულია.

“ეს ეტაპი ცესკოს დონეზე უკვე დასრულებულია და უკვე სრულად, რეგიონულ კომისიებში უზრუნველყოფილია მათი დისტრიბუცია, რაც ფაქტობრივად, გვაახლოებს საბოლოო ნაბიჯებს კენჭისყრის დღის ადმინისტრირებასთან მიმართებაში.

ამასთან, მთავარი ლოგისტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიების დისტრიბუციას, მათში ინფორმაციის ჩაწერას, ბიულეტენების ბეჭდვას, მათ დისტრიბუციას, ამომრჩეველთა ერთიანი სიების ფორმირებას, მათ ბეჭდვას და შემდგომ ქვემდგომი კომისიებისთვის გადაცემას, ეს ეტაპი ცესკოს დონეზე უკვე დასრულებულია და უკვე სრულად, რეგიონულ კომისიებში უზრუნველყოფილია მათი დისტრიბუცია, რაც ფაქტობრივად, გვაახლოებს საბოლოო ნაბიჯებს კენჭისყრის დღის ადმინისტრირებასთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, რომ ის სამუშაოები, რომელიც ინსტიტუციამ არათუ ამ ორთვიანი, ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, არამედ ჯერ კიდევ წელიწად ნახევრით ადრე დაიწყო, საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ კენჭისყრის დღეს ჩვენ მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველვყოფთ ამომრჩევლების მომსახურებას,“ - აცხადებს “ცესკოს“ თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.