„სააკაშვილს ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია” - ზაქარეიშვილი ექსპრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლას ითხოვს

ზაქარეიშვილი-სააკაშვილი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას ითხოვს და „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ხსნის, რატომ უნდა გადადგას ექსპრეზიდენტმა აღნიშნული ნაბიჯი:

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, რადგან ის საქართველოში აბსოლუტურად აფუჭებს სიტუაციას. სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია. ეს ადამიანი იმდენად აბეზარია, რომ ქვეყანაში არსებული გაჭირვების ფონზე, საკუთარი დაპატიმრებით ყველას აწუხებს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, რადგან პარტია პოლიტიკოსებისგან დაიცალა.

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აღარ არსებობს. არსებობს სექტა, რომელსაც ჰქვია "მიშიზმი". „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკოსებისგან დაიცალა. ყველაზე საშინელი სურათი იყო შიმშილობის დაწყება და მერე მისი უაზროდ დასრულება, ამ ყველაფერმა გამოაჩინა, რომ „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე, მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით.

ასევე, სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

სააკაშვილი აღნიშნულ ბრალდებებს არ აღიარებს და პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.