სააკაშვილმა ვერ აიტანა, რომ ოპოზიციის მხარი დავიჭირე, გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება, ჯერ ორთაჭალის ციხეში მცემეს, შემდეგ კი, წყლით სავსე ოთახში ოთხი დღით დამტოვეს - მიხეილ ქარელი

მიხეილ ქარელი

ბოლო დროს სააკაშვილი იმდენად ხიბლში შევიდა, რომ ნებისმიერ განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეეძლო, იმდენად აღიზიანებდა, რომ მდგომარეობიდან გამოდიოდა, ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მიმდინარე სხდომაზე 2024-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა განაცხადა.

მიხეილ ქარელმა გაიხსენა, რომ იმ დროს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მიხეილ სააკაშვილმა კი ის დაიბარა, დახია განცხადება და თქვა, რომ თუ კიდევ გაბედავდა მსგავსი რამის დაწერას, „თვითონ იცოდა სად გამაგზავნიდა“.

„ადამიანისთვის სულაც არ არის საჭირო უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვას დიაგნოზი. მართლაც, ფსიქიკურად ავადმყოფია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მაშინ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. დამიბარა, დახია განცხადება, გაგიჟებულმა მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა, მეორედ მსგავსი რამ არ გამებედა და, თუ გავბედავდი, თვითონ იცოდა სად გამაგზავნიდა. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, ოქრუაშივილისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვხდებოდით ციხეში. მისი ქმედება ჩემთვის უკვე მიუღებელი იყო, ამის თმენის ვალდებულებაც, ფაქტობრივად აღარ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ავცდი ამ უბედურებას, ვერც კი წარმოვიდგენდი, რა ელოდა ჩემს ოჯახს, ჩემს საახლობლოს“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ვერ იატანა, რომ ოპოზიციის მხარე დაიჭირა.

„ვერ აიტანა, რომ ოპოზიციის მხარი დავიჭირე, საპროტესტო მუხტის მხარე დავიჭირე და მაშინვე გასცა ბრძანება ჩემი დაპატიმრების შესახებ. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ, მერე, ბეტონის რაღაც ოთახი იყო წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ოთხი დღის განმავლობაში. ითხოვდნენ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ამას რომ ვერ იღებდნენ, უფრო სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ ოქრაშვილიც დააპატიმრეს, გახსოვთ, მისი ჩვენებაც. მერე, ჩემგან რომ ვერ მიიღო ის, რაც სურდა, მთელი ზეწოლა ჩემს ოჯახის წევრებზე, მოხუც მშობლებზე გადაიტანა. მშობლების სახელზე რიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა. ცალკე თემაა, სამართლებრივად ეს როგორ შეფუთა, ისევე, როგორც ჩემს დედმამიშვილებს, ყველა სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ თითქოს მე დავასაქმე, არადა ამ დროს მე სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჩემმა დებმა, დედამ მუშაობა დაიწყეს. იყო ყოველდღიური გაგზავნები, რომ სახლიდან აძევებდნენ ჩემს მშობლებს და ფაქტობრივად, ეს ვერ მოახერხეს, რადგან სოფელი, სამეზობლო უპირისპირდებოდა და საბოლოოდ, ამ ომმა, რომელიც მისი, ერთ-ერთი ასეთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ, ომის დროს ჩვენი სახლი დაწვეს და გაანადგურეს. ამიტომ ვამბობ, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი იყო, დღესაც საშიშად მიმაჩნია“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.