სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არ არის ჩვენი ახირება - გიორგი მშვენიერაძე

სააკაშვილი

„საქართველოს კანონმდებლობით პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური ან ფიზიკური ზიანი, უნდა იყოს ცნობილი დაზარალებულად. დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არ არის ჩვენი ახირება, ეს არის საპროცესო მდგომარეობა, რომელსაც ეს ადამიანი იმსახურებს",- ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა "დაუსაბუთებლობის გამო" არ დააკმაყოფილა.

"დიახ, ამ საქმეზე ის არის მსხვერპლი. როდესაც გავეცნობი პროკურატურის განცხადებას შემდგომ შევძლებ სრულყოფილი პასუხის გაცემას. სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ცალსახად ადასტურებს, რომ იმ სისტემაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ფაქტობრივად შეუძლებელია პროგრესის მიღწევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ეს არის სერიოზული გამოწვევა და ამ პოზიციას სჭირდება სათანადო პასუხები. თუკი პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა მოხდება MRT კვლევისთვის, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ ჩვენი ექსპერტის მონაწილეობით, ამ მომენტისთვის ასეთი ინფორმაცია არ დაუდასტურებია არც მიხეილ სააკაშვილს და არც დაწესებულებას”, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.