სააკაშვილის გარეთ გამოსვლა დღეს წარმოუდგენლად ჩანს - ითხოვენ ისეთ რამეს, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები თავიანთ ამომრჩეველს ვერ აუხსნიან - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება  წარმოუდგენელია. 

„სააკაშვილის გარეთ გამოსვლა, დღევანდელი მოცემულობით, წარმოუდგენლად ჩანს. ოჯახმა კი არა, ვინც გინდა იმან მოითხოვოს, ითხოვენ ისეთ რამეს, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები თავიანთ ამომრჩეველს ვერ აუხსნიან. საჭიროა ისეთი რამის მოთხოვნა, რომლის ახსნაც იქნება შესაძლებელი და რომლის არშესრულებაც იქნება უსამართლო. მე, როგორც ყოფილი ადვოკატი, ამ რჩევას რაციონალურად გავცემ, არა ემოციურად და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით.

თუ მართლა გვინდა სააკაშვილი იყოს გარეთ, ამის ყველაზე მოკლე გზაა „ნაცმოძრაობის“ დაშლა. ეს აწყობს ყველას - „ნაცმოძრაობას“, მის ლიდერებს, მიხეილ სააკაშვილს, ქართველ ხალხს, ყველას „ქართული ოცნების“ გარდა, რადგან მან უნდა მოიფიქროს ახალი თამაში და ვერ გააგრძელებს ზიზღსა და დაპირისპირებაზე აგებულ კამპანიას. „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა რა უნდა ქნან? - ახალი ცხოვრების დაწყება სცადონ. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ დღეში არიან? - მათ ნებას განსაზღვრავს მიხეილ სააკაშვილის ნება, რომელიც პატიმარია და როცა პატიმარი მართავს დეპუტატებს, არ არის ჯანსაღი პროცესი და საქართველოს პარლამენტს ეტყობა, რომ არ ვართ ჯანსაღ პროცესში. რა თქმა უნდა, ეს მარტო „ნაცმოძრაობის“ დამსახურება არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორია,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ თუ ორშაბათამდე მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.