რუსთავს სამხატვრო გალერეა რომ ჰქონოდა, ეს წლების განმავლობაში თითოეული რუსთაველი ხელოვანისა და მხატვრის ძალიან დიდი სურვილი იყო - ნინო ლაცაბიძე

ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, 20 წლის შემდეგ პირველად, ახალი - ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა აქვს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციითვე, ახალი გალერეის გახსნით რუსთავის მერიამ მოსახლეობისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შეასრულა.

მე-20 საუკუნის უდიდესი ნონ-კონფორმისტი მხატვრის სახელობის ხელოვნების გალერეა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალ შენობაში, ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრების სერიის - „წელიწადის ოთხი დრო - ჩემი ეზო“ - გამოფენით გაიხსნა. უნიკალური ნამუშევრების ეს სერია, მხატვარმა რუსთავში ცხოვრების პერიოდს მიუძღვნა. ფერწერულ ტილოებზე, მხატვრის სახლის ფანჯრიდან დანახული, 70- 80-იანი წლების რუსთავია ასახული.

ახალი სამხატვრო გალერეა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა.

„რუსთავს სამხატვრო გალერა, რომ ჰქონოდა, ეს წლების განმავლობაში თითოეული რუსთაველი ხელოვანისა და მხატვრის ძალიან დიდი სურვილი იყო. 2005 წლიდან, როდესაც რუსთავში საგამოფენო სივრცე გაიყიდა, მათ საშუალება აღარ ჰქონდათ, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა ჩვენს ქალაქში აი ასეთ ლამაზ სივრცეში მოეწყოთ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ რუსთავში, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის გალერეა, დღეს მისი ფერწერული ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ეს გალერეა ძალიან ბევრი მხატვრისა და ხელოვანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

გალერეის გახსნის ღონისძიებას, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარები - გიორგი ვოლსკი და ზაზა ლომინაძე, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, ხელოვნებისა და სამხატვრო სფეროს წარმომადგენლები, ოთარ ჩხარტიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

„რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ რუსთავში გაიხსნა ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის გალერეა. მე ბატონ ოთარს, პირადად ვიცნობდი. ნამუშევრები ციკლიდან - „ჩემი ეზო” უშუალოდ მასთან სახელოსნოში მაქვს ნანახი. ამ გალერის გახსნა, კიდევ ერთი დასტურია ჩვენი გუნდის პატივისცემისა, ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და როლის მქონე ადამიანებისადმი”, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

„რუსთავის მერიამ, მოსახლეობისთვის და რუსთაველი მხატვრებისთვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება შეასრულა. ხელოვნების გალერეის გახსნით, რუსთაველი მხატვრების დიდი ხნის სურვილი ასრულდა. სამხატვრო გალერეა რუსთავში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2005 წელს გაიყიდა და მას შემდეგ, რუსთაველ მხატვრებს, დახურული საგამოფენო სივრცე აღარ ჰქონიათ.

სივრცე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალი შენობის პირველ სართულს იკავებს, დღეიდან არა მარტო რუსთავის და საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბის გამოფენებსაც უმასპინძლებს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ახალგაზრდული ცენტრის სტატუსით და მულტიდისციპლინური კონცეფციით, უკვე ამ შემოდგომიდან მიიღებს ახალგაზრდებს. ხელოვნების გალერეა, ახალგაზრდული ცენტრის ახალი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა", - აღნიშნულია რუსთავის მერიის ინფორმაციაში.