რუსეთის მიზანია საქართველოს მომავლის შეცვლა და ევროპული გზიდან გადახვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მიდგომაა, ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყოველდღიური წნეხის მიუხედავად, ევროინტეგრაციის გზაზე იაროს, რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანი კი ქვეყნის მომავლის შეცვლა და ამ გზიდან გადახვევაა, რასაც საქართველო არ დაუშვებს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და რუსეთის მიერ გასულ კვირას, მოლდოვას საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე კითხვას უპასუხა. 

კითხვაზე: რა უნდა გააკეთონ სახელმწიფოებმა იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენი პასუხი ამაზე არის კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა ევროკავშირთან და ჩვენს გზაზე ურყევი სიარული, რომ ეს გზა ვერაფერმა შეგვიცვალოს“.

„საჰაერო სივრცის დარღვევა ეს არის იგივე, რაც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ეს არის რუსეთის ჩვეულებრივი ქმედება. ჩვენც ამ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის მუდმივი დარღვევა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის. ამაში არ არის არაფერი ახალი რუსეთის მხრიდან, როდესაც მიმდინარეობს სრულყოფილი აგრესია თავისი მეზობელი ქვეყნის მიმართ. ჩვენი პასუხი ამაზე არის კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა ევროკავშირთან და ჩვენს გზაზე ურყევი სიარული, რომ ეს გზა ვერაფერმა შეგვიცვალოს. ეს არის საქართველოს მიდგომა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად და ყოველდღიური წნეხის მიუხედავად - ყოველდღიურად საოკუპაციო ხაზის შეცვლის, ჩვენი მოქალაქეების გატაცებების მიუხედავად ჩვენ მაინც მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე, რადგანაც ვიცით, რომ რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანია შეგვაცვლევინოს ეს გზა, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.