"რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა დაიწყო ეს ომი და ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი უნდა აისახოს ყველა სამართლებრივ, საერთაშორისო დოკუმენტში" - ირაკლი ნადირაძე

ირაკლი ნადირაძე

"ყველა რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი იქნება მოხსენებული აგრესორად და ეწერება, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი, მსგავსი ტიპის რეზოლუცია უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერილი," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი რეზოლუცია უნდა იყოს მიღებული, სადაც მკაფიოდ არის რუსეთი აგრესორად მოხსენიებული.

"რა მცდელობებიც არ უნდა იყოს, რომელი საერთაშორისო ტრიბუნიდანაც, ერთადერთი რამ ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილება, საბოლოოდ, უნდა დამთავრდეს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების სასიკეთოდ. კენჭისყრამდე კიდევ დარჩენილია დრო, ვნახოთ, რა ცვლილებები შევა. მე ერთი რამ ვიცი, რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა დაიწყო ეს ომი და ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი უნდა აისახოს ყველა სამართლებრივ, საერთაშორისო დოკუმენტში," - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის სამი წლისთავზე, ვაშინგტონი მოუწოდებს კიევს, გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან გაიწვიოს და მხარი დაუჭიროს შტატების ვერსიას, რომლის მხოლოდ ერთი თანასპონსორი საქართველო იყო. რეზოლუციის პროექტს შეუერთდა ისრაელი, უნგრეთი და ჩრდილოეთ მაკედონია.

The Wall Street Journal წერს, რომ ვაშინგტონი და კიევი გაეროს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას სთავაზობენ. კიევის რეზოლუცია რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ადანაშაულებს, ამერიკის პროექტში კი ნახსენები არ არის, ვინ დაიწყო ომი, დოკუმენტში არ არის არც კონკრეტული მოთხოვნები კრემლის მიმართ, ის ორიენტირებულია ომის დამთავრებაზე.

უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს. ევროპის დედაქალაქებში გაგზავნილ შეტყობინებაში ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება.