როცა ვთქვით სანქციებზე უარი, სანქციები არც იყო დაწესებული. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური პოზიცია, რომ რუსეთისთვის გვეთქვა, თქვენს მხარეს ვართ - ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი

უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს გაკეთებული ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოლიტიკური დისკუსიის თემაა. 2022 წლის 25 თებერვალს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა და თუ ვინმე დაიჩაგრებოდა ამ ომით, ეს უკრაინა იქნებოდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იყო პოლიტიკური განცხადება, რადგან იმ დროისთვის, რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკისრებული სანქციები.

"იმ დროს, როცა სანქციებზე ვთქვით უარი, რუსეთისთვის სანქციები არც იყო დაწესებული. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური პოზიცია, რომ რუსეთისთვის გვეთქვა - ჩვენ თქვენს მხარეს ვართ. ეს იყო სკანდალი, როცა ამბობ სანქციებს არ შევუერთდები, როცა არც იცი, რა სანქციებია და რისთვის. მოხალისეები იმას ჰქვია, ვინც თავისთვის მიდის. თავისით ვინც წავიდა, ის წავიდა და ეს არ იყო ომში ჩართვა. ომი მოდის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან და დღეს აქ რომ ვდგავართ, ეს უნდა ვიცოდეთ. ის ქვეყანა, რომელიც ომს იწყებს თავისი ყველა მეზობლის წინააღმდეგ, არის ერთი და ერთადერთი," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში მყოფი ქვეყნის ვალდებულებაა, მისი პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან და სწორედ ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული საქართველოსთან მიმართებით.

"როცა ხარ ევროპული ინტეგრაციის პროცესში, შენ გაქვს ვალდებულება, რომ შენი პოლიტიკა იყოს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან. ამიტომაც, როცა ევროკავშირი სანქციებს აწესებს, ამ სანქციებთან დაკავშირებით გვერდის ავლაში არ უნდა გამოიყენებოდეს შენი ტერიტორია - ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული ყოველთვის," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ საქართველოსთვის რუსეთთან ეკონომიკური კავშირის გაწყვეტა არავის მოუთხოვია.

"ჩვენი მეგობრები ყოველთვის გვეუბნებოდნენ იმას, რომ ქვეყანა არ უნდა გახდეს ტრანზიტი ისეთი პროდუქციის შესატანად რუსეთში, რომელიც აძლიერებს რუსეთის აგრესიულ მანქანა - ამაზე იყო ყოველთვის საუბარი. არასოდეს არავის არ მოუთხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.