რომან გოცირიძე ხოშტარიასთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვის შესახებ - რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!

რომან გოცირიძე

"ნებისმიერი სპექტაკლი რუსეთში დაიდგმება, ამერიკაში თუ ავსტრალიაში, საავტორო უფლებების წყალობით შემოსავალი მის შთამომავლებზე გადადის. რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ადამიანმა, რომელმაც შექმნა უნიკალური კოსტიუმები... ჩვენ რომ მოგვწონს სუხიშვილების ცეკვა, რასაც ვუყურებთ, ყველაფერი მისი გაკეთებულია, ვირსალაძის. ნებისმიერი სპექტაკლი, რუსეთში დაიდგმება, ამერიკაში თუ ავსტრალიაში, საავტორო უფლებების წყალობით, შემოსავალი მის შთამომავლებზე გადადის. რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან პერიოდულად მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში, დაახლოებით, 140-დან 150 ათას დოლარამდე, ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან. ხოშტარიამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.