როგორ შეიძლება, სისხლის სამართლის დამნაშავის საკითხი დაკავშირებული იყოს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

არის ერთი-ორი საკითხი, რომლითაც ცდილობენ დააკავონ ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის ყურადღება, მედია ამ საკითხებით ინტერესდება და გარკვეულწილად ვართ მონაწილეები ამ გარკვეული ცრუ ნარატივების, რომელიც შექმნილი არის მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხელ სააკაშვილის საკითხი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან, ვინაიდან, ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე.

მისივე თქმით, სააკაშვილის პროპაგანდისტები სწორედ ამ
ცრუ დილემების დაჯერებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

,,ეს არის ტიპური პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ეს არის ცრუ დილემა, რომლის მიზანიც არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა ციხიდან. მიხეილ სააკაშვილი, თუ ევროკავშირი და ა.შ. - აი, ეს არის სწორედ ტიპური ცრუ დილემა, რომ თითქოს მსგავსი არჩევანი დგას. როგორ შეიძლება, დაკავშირებული იყოს სისხლის სამართლის დამნაშავის საკითხი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან. ეს არის ცრუ დილემა. ჩვენ ვხედავთ, მათი სპიკერები როგორც ცდილობენ გარკვეულწილად, ცრუ დილემის წინაშე დააყენონ ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი, რომ თითქოს არსებობს ეს არჩევანი. აი, აირჩევ ახლა შენ, თუნდაც შეწყალების გზას და მაშინ მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. თუ, ამ ცრუ დილემისგან, ცოტა განზე გავალთ და გვერდიდან შევხედავთ, მივხვდებით, რომ ბავშვურად არის დაყენებული ეს ყველაფერი. მნიშვნელობა აქვს რას ვამბობთ და რაზეა საუბარი. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, როცა ვიცით, რომ მან ხელი დააფარა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს, როდესაც ვიცით, რომ მან დააორგანიზა დეპუტატის ცემა, როცა სამი მიმდინარე საქმეა სასამართლოში მის წინააღმდეგ. მან სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ ის ბიუჯეტიდან აფინანსებდა საკუთარი შვილის სწავლას კერძო სკოლაში. ეს არის მიუტევებელი ცოდვა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრის სწავლა დააფინანსო ბიუჯეტიდან. თან აღიარებს ამას და ამბობს, რომ ნიჭიერი ბავშვი იყო და რატომ არ უნდა დამეფინანსებინაო. და ჩვენ გვაიძულებენ, რომ ყველაფერს შევხედოთ მშვიდად და ვთქვათ, რომ აქ დემოკრატიაა და ასეთ საკითხებზე გადაიტანონ მსჯელობა. ჩვენ ვართ სამიზნე პროპაგანდისტული კამპანიის და აქ მთავარია, რომ ვიყოთ ფხიზლად და ეს ცრუ დილემები არ დავიჯეროთ,” - განაცხადა პაპუაშვილმა.