სახელმწიფომ გამოყო 1000 ლარი ყველა იმ ოჯახზე, რომელთაც ოჯახის წევრი დაღუპული ჰყავდა საომარი მოქმედებების დროს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში

ვეტერანები

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის განცხადებით, ვეტერანების ყოველთვიური დანამატი, რომელიც  22 ლარს შეადგენდა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 100-ლარამდე გაიზარდა. 

ვეტერანები დანამატს იანვრის თვიდან მიიღებენ. „პრაიმტაიმთან“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე სიახლეზე ვრცლად საუბრობს.

„ეს არის ის ყბადაღებული 22 ლარი, რომელსაც ამუნათებდა სპეკულირებდა ამ თემაზე ის ადამიანები, რომელებიც თავად იყვნენ ამის შემოქმედი. შეიძლება, უშუალოდ არა, მაგრამ იმ პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები იყვნენ.

ახლა დარჩენილია 3164 ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის კატეგორიის ინვალიდია. აქვთ დაუბეგრავი მინიმუმი, ვეტერანები, რომლებიც სახელმწიფოსგან სახელმწიფო და სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებულები არიან, მათ 3 000 ლარი აქვთ, შშმ პირებს 6 000. საუბარია, გაიზარდოს ეს დაუბეგრავი მინიმუმი სადღაც 6 და 9 000-ზე. ესეც გარკვეულწილად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილია, სადღაც 9 მილიონამდე.

ეს ყველაფერი გათვლილი გვაქვს და ამ ყველაფრის განხორციელებისკენ მივდივართ.“ - განაცხადა კობა კობალაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განმარტავს, რა კეთდება იმისთვის, რომ ვეტერანებმა თავი უკეთესად იგრძნონ.

„2012 წლის შემდგომ, საყოველთაო ჯანდაცვის პარალელურად, რაც კი გაკეთდა, აღმოჩნდა, რომ მრავალმილიონიანი 3 ათას ოჯახზე მეტს გამოეყო 1 000-ლარიანი თანადაფინანსება. სახელმწიფომ გამოყო 1 000 ლარი, ყველა იმ ოჯახზე, რომელთაც ოჯახის წევრი დაღუპული ჰყავდა საომარი მოქმედებების დროს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში. პლუს ამას, ამოქმედდა ჯანდაცვის სოციალური პაკეტი და დღეს თითოეულ ვეტერანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვის 15 000-ლარიანი პაკეტი.

შარშან 481 ბინა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ვეტერანებს გადაეცათ. შესაბამისად, რიგითობა კვოტირებით მიდის.

ამავე დროს, თუ არის რამე პათოლოგიები, რომელსაც ვეტერანების ჯანდაცვის პროგრამა არ ითვალისწინებს, ამაში თანადაფინანსებაში ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური თავისი ბიუჯეტით მისდევს.

ჩაირთო კომფორტული სისტემა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და მერები თანადაფინანსებაში მოგვყვებიან ჩვენ.

ამავე დროს, დავიწყეთ პროფესიონალური გადამზადება თითოეული ვეტერანის, რომელსაც ამის სურვილი ჰქონდა და რამაც გარკვეულწილად გამოიღო ის, რომ პროფესიონალურად ვეტერანებმა ამა თუ იმ სპეციალობის დაუფლების მიზნით  კვალიფიკაციის ცვლილება დაიწყეს.

ვეტერანის მოწმობის ჩვენების შემდგომ, ვეტერანებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის შესაძლებლობა აქვთ. თავდაპირველად, ინიციატივა თბილისში იყო.  ეს მაგალითი საკმაოდ კარგად, ჯაჭვური რეაქციით გადავიდა ბათუმში, ქუთაისში, გორში, ბევრ იმ მუნიციპალიტეტში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, მაგრამ ვეტერანებს უნარი აქვთ, რაიონში უფასოდ  იმგზავრონ.

ახლა ვაპირებთ და ინიცირება გაკეთებულია, რომ მთლიან საქართველოში ვეტერანებს ჰქონდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლება. ამის პირველი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოს რკინიგზა, რომელმაც მზაობა გამოთქვა და ვეტერანებს შიდა ხაზებზე  უფასო სერვისის მიღების საშუალება აქვთ.

აღსანიშნავია, იამანიძის სახელობის ვეტერანთა სახელმწიფო ჰოსპიტალი, რომელიც თავის დროზე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რატომღაც ეს მომთაბარე შემადგენლობები რომ დარბოდნენ და ბინებს ეუფლებოდნენ, ავარიული შენობა დაიკავეს, ჩვენ არ მივეცით გავრცობის საშუალება, მაგრამ მოქალაქეებთან მუშტი-კრივს არ გავმართავდით, მაშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, მათ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი შენობა-ნაგებობა გამოყვეს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით გარემონტდა და დაიწყო მისი აღჭურვა, რომ სტაციონარის ერთ-ერთი ცენტრი ყოფილიყო.  ამან გამოიწვია ის, რომ ამერიკის მხარემ გამოყო 2 მილიონ 100 ათას ლარიანი გრანტი, რომლითაც შეისყიდა თანამედროვე სამედიცინო ტექნიკა, გადმოგვცა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ მთლიანი სამედიცინო დიაგნოსტიკა საწყისზე საკმაოდ წარმატებულად მიდის ამ სტაციონარში, რომელიც მარტო თბილისშია.

ვეტერანებს, რომლებიც რაიონებში არიან განსახლებულები, აქვთ არჩევანის საშუალება, რომ მათ მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში სრული სამედიცინო სერვისი მიიღონ.

პლუს ამას, მაღალმთიან რაიონებში და პერიფერიებში, სადაც არ არის სამედიცინო სერვისი კარგად განვითარებული, წამყვანი სამედიცინო დაწესებულებებიდან ვაკეთებთ ერთობლივ საველე გასვლებს მათ ექიმებთან ერთად, მემორანდუმები გვაქვს გაფორმებული და ადგილზე უტარებენ კვალიფიციურ სამედიცინო უზრუნველყოფას, რა თქმა უნდა, თუ სტაციონარი არ სჭირდებათ.

თუ სტაციონარია საჭირო, შემდეგ ორგანიზებულად ხდება მათი გადმომგზავრება აქ, ადგილზე.

აქვე, საკმაოდ ეფექტურად ვთანამშრომლობთ თურქეთის განვითარების სააგენტოსთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ვეტერანები სახელმწიფოებრივ ინსტიტუციად უნდა ჩამოყალიბდნენ და იყვნენ ორიენტირებულები არა მხოლოდ მომხმარებლის სტატუსზე, არამედ იყვნენ უფრო შემოქმედებითი, რომ შეკრან პროდუქცია და სახელმწიფო იყოს ამ პროდუქციის შემსყიდველი და მოხდეს რეალიზაცია. ჩვენ ამის მაგალითები გვქონდა კოდორის ხეობაში, როდესაც არასტანდარტული სიტუაცია იყო, სვანეთში, ხევსურეთში და ა.შ.

ძალა ერთობაშია - შევქმენით ვეტერანების ასოციაცია, მაგალითად გურიაში, რომლებმაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების განვითარების სააგენტოსთან ერთად დაიწყეს კონსულტაციები, თეორიული მომზადების შემდეგ დაიწყეს ე.წ შვეიცარიული თხების მოშენება. დღეს უკვე რამდენიმე ათეული სული გვყავს იქ. ამავე დროს, ტრენინგი გაიარეს და თურქეთის მხარემ გადმოგვცა 100-ზე მეტი სკა და თაფლის დასამუშავებელი აპარატურა, რომელიც უკვე სტიმულს აჩენს, რომ ვეტერანები ჩაერთნენ და შექმნან გარკვეული პროდუქცია. ეს ყველაფერი საპილოტე პროგრამებია.

ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვურთიერთობთ სამობილიზაციო მიმართულებით თავდაცვის სამინისტროსთან, ეროვნული გვარდიის შემადგენლობასთან. ამავე დროს, მემორანდუმები გავაფორმეთ ე.წ სკაუტებთან, ეს ახალგაზრდა პატრიოტული შემადგენლობაა, მათთან საკმაოდ მჭიდროდ ვართ - შემართებული, გულღია და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ბავშვები არიან.

საკმაო მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურთან.

ასევე, დაჭრილ-დაშავებილთა ფონდია, რომელმაც 7 000 ლარამდე დახარჯა და 100-ზე მეტი ვეტერანი დაუბრუნა თავიანთ ოჯახებს სიცოცხლის ხალისითა და გამოჯანმრთელებული.

საერთაშორისო მიმართულებით, 1 თვის წინ ჩვენთან ჩამობრძანებული იყო ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორი, საკმაოდ დიდი სახელმწიფო ინსტიტიუტია,  ჩვენ მათთან არა მარტო გამოცდილება, არამედ პერსპექტივა ავაწყეთ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ როგორც აგრარულ სეგმენტში, ასევე სამობილიზაციო კუთხით ეფექტურად თანამშრომლობის სეგმენტში.

ჩვენ უკრაინის მიმართულებასთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. თქვენ იცით, რომ საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა უკვე რამდენჯერმე ჰუმანიტარული აქციით თანადგომა გამოხატა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების მიმართ. ჩვენ გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ და რომ არ ყოფილიყო სახელმწიფოს ცალსახა პოზიცია, ჩვენ ამდენ რამეს უბრალოდ ვერ შევძლებდით.

ყოველწლიურად, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტი იზრდება,

აგრეთვე ჩვენ გვყავს შშმ პირების ფეხბურთის გუნდი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობს და წელს თურქეთში იყვენენ, საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს.

ამავე დროს, ჩვენ გვყავს რაგბის გუნდი „არმია“, რომლითაც სინთეზს ვქმნით ახალგაზრდებსა და შევერცხლილ ვეტერანებს შორის, ეს ურთიერთთანამშრომლობის და შემართების ხიდებს ჩვენ პირიქით, კი არ წვავთ და ვანგრევთ, არამედ უფრო მეტად ვახალისებთ.

სახელმწიფომ გამოგვიყო მრავალპროფილური ჰოსპიტალის აშენებისთვის ტერიტორია, რომელიც დიღომში მდებარეობს 5300 კვ.მ და ჩვენ ახლა გვაქვს საუბარი პარტნიორებთან, რომ მოვიზიდოთ გარკვეული გრანტები, რომ ავაშენოთ მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კლინიკა, ფაქტობრივად, მიკროსაფინანსო ეფექტით მაკრო შედეგს ველით. ჩვენ გვყავს პარტნიორები, რომელთაც აქვთ უნარი, რომ მაღალტექნოლოგიური აპარატურა შემოგვიტანონ. ამავე დროს, ისრაელის მხარე, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებიც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ როდესაც ეს ყველაფერი გაიშლება, მათ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენთან საკმაოდ საჩვენებელი ოპერაციები ჩაატარონ.

ამავე დროს გავდივართ სხვა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას სამობილიზაციო კუთხით.“ - განაცხადა კობა კობალაძემ.