მინდა, ყველა ვეტერანს, მადლობა გითხრათ, თქვენი ღირსეული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს, ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ - ღარიბაშვილი

პრემიერი და ელჩი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე - ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს, ჩვენი მთავრობის სახელით, გითხრათ მადლობა, თქვენი ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის, ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის, ჩვენი ტერიტორიების დაცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ... არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, არამედ მსოფლიოში მშვიდობის დაცვისთვისაც. ას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ: ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში, შემდეგ 2008 წლის ომი... და ჩვენი წარმომადგენლობა მისიებში - კოსოვოში, შემდეგ ერაყში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში... ჩვენ ასობით ღირსეული პატრიოტი დავკარგეთ ამ ომებში. ამ ომებს ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე შეეწირა. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია, მათი ეს ღვაწლი დავაფასოთ. მათ გაიღეს ყველაზე დიდი რამ, რაც ადამიანს აბადია. ეს არის საკუთარი სიცოცხლე. როდესაც ადამიანი მას საკუთარი ნებით თმობს, რა თქმა უნდა, ეს გმირობაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

17 ოქტომბერი ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა. ეს დღე საქართველოში მეცხრედ აღინიშნება.