1779396803
როდესაც კვლევები ან აზრთა გამოთქმა მიმდინარეობს რეალობაზე დაყრდნობით, ყოველთვის ლიდერები ვართ - თენგიზ შარმანაშვილი
ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც, სამართლის უზენაესობის მედეგობით, საქართველო ევროკავშირის ნიშნულს უახლოვდება, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, როდესაც რეალურ ფაქტებს იკვლევენ, საქართველო იქ ყოველთვის ლიდერია.
"როდესაც კვლევები ან აზრთა გამოთქმა მიმდინარეობს რეალობაზე დაყრდნობით, როდესაც გამოგონილ თემებზე და აღქმებზე კი არ საუბრობენ, არამედ ფაქტებს იკვლევენ, ყოველთვის ლიდერები ვართ. ჩვენი მოთხოვნაა, რეალობაზე და ფაქტებით ვისაუბროთ. სადაც იქნება რეალობა, იქ იქნება საქართველო ყოველთვის მოწინავე რიგებში, სადაც იქნება გამოგონილი ნარატივები, სადაც არგუმენტებს არ ისმენენ, იქ რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ადგილზე იქნები ან არ იქნები," - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევით, სამართლის უზენაესობის მედეგობით, საქართველო ევროკავშირის ნიშნულს უახლოვდება. ინსტიტუტმა ახალი ანალიტიკური პროექტის - "რეზილიო-აქსესის" შედეგები წარადგინა. კვლევა ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და თურქეთში სამართლის უზენაესობის მედეგობას აფასებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მონტენეგროსთან ერთად "უმაღლესი შესრულების" ჯგუფში მოხვდა. ექსპერტების განმარტებით, ეს შედეგი 2014 წლიდან დაგროვილმა პოზიტიურმა დინამიკამ, კორუფციის ეფექტურმა კონტროლმა და კანონების აღსრულების მაჩვენებლებმა განაპირობა, რითაც საქართველო ევროკავშირის საშუალო ნიშნულს უახლოვდება.












