„როდესაც გახარია გამოცხადდა კომისიის წინაშე, მან გაუშვა შანსი იმისა, რომ ჩვენთან ერთად კომისიაზე ყოფილიყო მისი პარტიის ორი წარმომადგენელი“ - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში პასუხი გასცა ოპოზიციონერი კოლეგების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის დარღვევით არის შედგენილი.

მისი თქმით, ეს ასე არ არის, რადგან კომისიაში გათვალისწინებულია იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ადგილები, რომლებსაც უფლებამოსილება ჯერ არ შეწყვეტიათ.

„დღეს, ჩვენ კომისიაში ვართ არასრულად დაკომპლექტებულები სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიცია სრულად არ არის. დღემდე, იმ ოპოზიციის ადგილები, რომელიც აირჩიეს პარლამენტში მაგრამ არ შემოვიდნენ, ვისაც უფლებამოსილება ჯერ არ შესწყვეტიათ, არის ცარიელი, როგორც კომისიაში, ისე პლენარულ დარბაზში. ის, რომ ისინი არ შემოდიან პარლამენტში, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ სუნთქვა უნდა შეწყვიტოს და სახელმწიფო ინსტიტუტებმა მუშაობა გააჩერონ, რადგან მათ რაც არ უნდა არ სიამოვნებდეთ, "ქართული ოცნება" არის უმრავლესობაში და ის არის უფლებაუნარიანი, კანონის მიზნებიდან გამომდინარე და იმ შინაარსიდან გამომდინარე, რასაც უფლებამოსილება უნარიანობას კანონი ეძახის, პარლამენტს შეუძლია, რომ გამართულად იმუშაოს, მაგრამ მათი ადგილები, ვისაც უფლებამოსილება არ შესწყვეტია და ასეთია გახარიას პარტია, კომისიაშიც კი ვაკანტურია. თქვენ ხედავთ ალბათ, რომ მაგიდის გარშემო არაერთი ცარიელი ადგილია და როდესაც გახარია გამოცხადდა კომისიის წინაშე, მან გაუშვა შანსი იმისა, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო მისი პარტიის ორი წარმომადგენელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.