როდესაც ჩვენ გვაქვს მყარი სამართლებრივი არგუმენტები, მოწინააღმდეგე მხარე გვიპირისპირებს პოლიტიკურ აღქმებს, რასაც სამართლიანობასთან არაფერი აქვს საერთო - ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

რამდენიმემილიონიანი კამპანია წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც უკავშირდება უშუალოდ სააკაშვილს. ეს ყველაფერი დადასტურდა ფაქტებით. პირველი ფაქტი იყო ის, რაც უშუალოდ FARA-ს მეშვეობით გამოქვეყნდა და ყველამ ნახა, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის მომხრეებს გადახდილი ჰქონდათ თანხები იმისთვის, რომ შემუშავებულიყო სტრატეგია, რომლითაც შეეცდებოდნენ დაერწმუნებინათ კონგრესმენები, რომ ქართული სახელმწიფო დაესანქცირებინათ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მთელი ეს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გაგრძელდა.

„როდესაც გამოქვეყნდა ევროსაბჭოს რეზოლუცია, მაშინაც ვთქვი, რომ მინიმუმ ერთ-ერთი პუნქტი სრულად იყო აცდენილი რეალობას, რადგან ამ რეზოლუციის გამოცემამდე ერთი კვირით ადრე თავად სააკაშვილმა, მისი ადვოკატის მეშვეობით, მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვა თავისი სარჩელის გამოწვევა, თან მიუთითებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვნახეთ ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას ჰუმანიტარული მოტივით. სრული შეუსაბამობა იყო.

იგივე შემიძლია ვთქვა, რომ მთელ რიგ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს მყარი სამართლებრივი არგუმენტები, მოწინააღმდეგე მხარე გვიპირისპირებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ აღქმებს, რასაც სამართალთან და სამართლიანობასთან არაფერი აქვს საერთო“, - განაცხადა ბრეგაძემ.