რეზოლუციაში მხარი დაუჭირეს მოცემულობას, რომ ომი საქართველოს მხრიდან დაიწყო და ომის დანაშაულის ჩადენაში ქართველების დადანაშაულებას, ახლა ჩვენსკენ იშვერენ ხელს - მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“

mamuka mdinaradze

რეზოლუციაში მხარი დაუჭირეს მოცემულობას, რომ ომი საქართველოს მხრიდან დაიწყო და ომის დანაშაულის ჩადენაში ქართველების დადანაშაულებას, ახლა ჩვენსკენ იშვერენ ხელს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ წაიკითხა ამონარიდები რეზოლუციიდან, სადაც წერია, რომ „2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, ქართულმა არტილერიამ ქალაქ ცხინვალზე განუწყვეტელი შეტევა მიიტანა... ხდებოდა ქართული შეიარაღებული ძალების სხვა გადაადგილებები ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მიმართულებით. მალე ბრძოლაში სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთის სამხედრო ნაწილები და შეიარაღებული ქვედანაყოფები ჩაერთნენ, თუმცა, საქართველოს გადაადგილებები სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მალევე შეჩერდა....აფხაზეთის ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით და ქართველების მხრიდან უმნიშვნელო წინააღმდეგობის პირობებში ზემო კოდორის ხეობა დაიკავეს“ და ა.შ.

ამასთან, მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მხრიდან მოქმედი ჯარისკაცების, პერსონების მხრიდან უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ასე მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო.

„ომი ვინ დაიწყო და მსგავს საკითხებზე სამსჯელოდ ეს არც სტრასბურგს გამოუტანია და არც ჰააგის სასამართლოს. არ არის მისი საქმე ამ შემთხვევაში, არ ინტერესდება ამ თემებით. სტრასბურგს აინტერესებდა უფლებრივ ნაწილში ვინ დაარღვია, რომელმა ქვეყანამ, ან მისმა წარმომადგენლებმა დაარღვიეს ადამიანის უფლებები. ვინ დაიწყო, ვინ დაამთავრა, ან ომის დანაშაული ვინ ჩაიდინა თუ ა.შ., იმ შემთხვევაში კონკრეტულად მას არ აინტერესებდა. შეიძლება ზოგადად ომის დანაშაულის კონტექსტში ეხებოდა უფლებრივ ნაწილში, იქ უფლება დაირღვა თუ არა, სხვა სტრასბურგის სასამართლოს ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მხრიდან მოქმედი ჯარისკაცების, პერსონების მხრიდან უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ასე მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო. მეტიც, რაც აქამდე არ გახმოვანებულა, გუშინ ვთქვი პირველად. სამწუხაროდ, აქ არის მთელი მოჯადოებული წრე და რგოლი „ნაცმოძრაობის“ ერთერთი პირველი დიდი ცოდვიდან გამომდინარე, რასაც ერქვა რეზოლუციაში რაღაც მოცემულობაზე დათანხმება, ჩემი აზრით მოღალატეობრივზე. ამან განაპირობა მათ შორის ის ჩანაწერი, რასაც წაგიკითხავთ. რგოლი და წრე რაში მდგომარეობდა - რეზოლუციაში მხარი დაუჭირეს მოცემულობას, რომ ომი საქართველოს მხრიდან დაიწყო და ომის დანაშაულის ჩადენაში ქართველების დადანაშაულებას და ახლა ჩვენსკენ იშვერენ ხელს. ეს ეწერა და მხარი დაუჭირეს, ეს ხომ ვიცით. ამის შემდეგ, ეს იყო ერთერთი მთავარი საფუძველი, რომ ტალიავინის კომისიას დაესკვნა ის, რაც დაასკვნა. ამას რა თქმა უნდა, დაემატა მათი გავრცელებული კადრები, მტკიცებულებად ეს აიღეს, 7-ში გვიან ღამით, 8-ში გამთენიას, გრადებით დაბომბვა, მათი გავრცელებული ინფორმაციები მთელი დღის განმავლობაში მათი მედიასაშუალებებიდან მაშინ, (მეტი არც იყო), რომ გადავედით შეტევაზე, რუსებმა არ უნდა დაგვასწრონ... ეს ყველაფერი გამოიყენა ტალიავინის კომისიამ. რომ ამბობდნენ მერე, რუსების ზეგავლენით იყოო, ერთი წამით დავუშვათ, რომ იყო რუსების ზეგავლენით, შენ რატომ მიეცი მათ ასეთი მტკიცებულებები, რომ ეს გამოეყენებინათ? სტრასბურგის სასამართლო აკეთებს მინიშნებას, რომ იყენებს ციტატებს ტალიავინის კომისიის დასკვნიდან და იმ დასკვნაში, თავის დასკვნაში, სადაც ქართული მხარე გამართლებულია, ისტორიულ აღწერილობით ნაწილში წერს ამ ყველაფრის საფუძველზე:

„2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, ქართულმა არტილერიამ ქალაქ ცხინვალზე განუწყვეტელი შეტევა მიიტანა“. ჩვენსკენ რომ იშვერენ ხელს, ეს არის მათ გამო ჩაწერილი აქ; „ხდებოდა ქართული შეიარაღებული ძალების სხვა გადაადგილებები ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მიმართულებით. მალე ბრძოლაში სამხრეთ ოსეთი აფხაზეთის სამხედრო ნაწილები და შეიარაღებული ქვედანაყოფები ჩაერთნენ, თუმცა, საქართველოს გადაადგილებები სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მალევე შეჩერდა“; ჯერ ტერმინი სამხრეთ ოსეთი რატომ გამოიყენეს, იმიტომ, რომ ერთი წლით ადრე დაარქვეს ძლივს გადარქმეულ სახელს. „კონტრშეტევის შედეგად, (წარმოიდგინეთ, კონტრტშეტევას არქმევენ რუსულ შეტევას) რომელიც საჰაერო დარტყმებითა და ზღვის ფლოტის ქვედანაყოფის მონაწილეობით განხორციელდა“ და გრძელდება ეს ამბავი. შემდეგ იქ არის მეორე ნაწილი, მეორე ფრონტი გაიხსნა დასავლეთის ფლანგზეო, სადაც „აფხაზეთის ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით და ქართველების მხრიდან უმნიშვნელო წინააღმდეგობის პირობებში ზემო კოდორის ხეობა დაიკავეს“ და გრძელდება. ანუ, ისტორიას ტალიავინის დასკვნაზე დაყრდნობით ასე უყვება დაინტერესებულ პირს სტრასბურგის სასამართლო“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. კითხვაზე, რა შესაძლებლობა ქონდა ნაცმოძრაობას, რომ შეწინააღმდეგებოდა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ სამწუხაროდ, ამას ვეღარ შეეწინააღმდეგებოდნენ, იმიტომ, რომ თვითონ მოაწერეს ხელი. „ეს ორი დუკუმენტი მაქვს წამოღებული, სადაც დაწერეს, რომ 7 აგვისტოს ომი დაიწყო და ეს ომი ჩვენ დავიწყეთო. ამას დაუჭირეს მხარი. რის სანაცვლოდ შეიძლება ეს დაწერო? დღეს რომ ისტერიაში ვარდებიან, გუშინ რაც მოხდა, ახსენებ თუ არა რეზოლუციას, თავისი ქვეყნის წინაშე ჩადენილი ცოდვების ამ ქრონოლოგიას, რაც მოხდა ჩემი მხრიდან, იმწუთასვე გამოვარდებიან, გუშინ ის სასაცილო თოჯინა რომ გამოაგორეს, თავმჯდომარე რომ ქვია, ნახეთ რა არგუმენტი მოიგონეს? ჯარისკაცების დაჭერა უნდათო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სხვა სიახლეები