რატი იონათამიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ნებისმიერ უსამართლობაზე ჩვენ ყოველთვის გვექნება მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სულისკვეთებიდან გამომდინარე

რატი იონათამიშვილი

ისეთი საკითხები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ გაზიარებული, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

„ნებისმიერ უსამართლობაზე ჩვენ ყოველთვის გვექნება მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სულისკვეთებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ისეთი ტექსტი, სადაც დათქმებში ჩვენ ცალსახად ვხედავთ სუბიექტურ ტენდენციებს და ისეთ საკითხებს, რომლებიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ჩვენგან გაზიარებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არჩევანი, რაც ჩვენ გვაქვს მას რაიმე საფრთხე ექმნება, პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით და ჩვენ ვხედავთ, რომ, როდესაც ობიექტურ მსჯელობაზე და გადაწყვეტილებებზე არის ხოლმე საუბარი, აქ ჩნდება სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც მაგალითად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ძალიან მძიმე და ასი ვერდიქტი არსებობს ამ პარტიის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში და ეს არის სწორედ ევროპული გადაწყვეტილებები და ევროპული ღირებულებები, რასთანაც აი ამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას არაფერი საერთო არ აქვს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას განაახლებს - ასეთია მმართველი პოლიტიკური ძალის პოზიცია გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ ევროსაბჭოს რეზოლუციის საპასუხოდ მიიღო.