რატი იონათამიშვილი: ევრობიუროკრატებმა უღალატეს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, ჩვევად აქციეს საკუთარი დღის წესრიგის სხვა ქვეყნებისთვის თავსმოხვევა, მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ

რატი იონათამიშვილი

აქამდეც დადასტურებული ფაქტებით ვსაუბრობდით, რომ ევრობიუროკრატები საქართველოში ერეოდნენ როგორც არჩევნებში, ასევე ზღუდავდნენ სიტყვის თავისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე უკვე სენატის იურიდიულმა კომიტეტმა მოამზადა ანგარიში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატებმა შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანონ და პასუხისმგებლობა აიღონ.

„ფაქტია, ევრობიუროკრატებმა უღალატეს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს მაშინ, როცა გაბედეს და ჩვევად აქციეს როგორც არჩევნებში ჩარევა, ასევე საკუთარი დღის წესრიგის სხვადასხვა სუვერენული ქვეყნისთვის თავზე მოხვევა. ვფიქრობ, ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა აქვთ ასაღები, რაც პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის გაჯანსაღების პროცესთან. ევრობიუროკრატებმა შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანონ და პასუხისმგებლობა აიღონ. სხვა შემთხვევაში, ამ ყველაფრით რასაც აღწევენ, არის ის, რომ ევროკავშირის რეპუტაციას ანადგურებენ. შესაბამისად, მათ ამის უფლება არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ევროპული ქვეყნებისთვის აუცილებელია, ასეთი ადამიანები არ იყვნენ ევროპული სტრუქტურების სათავეებში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში“.