1732386875
იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე.
რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის დასავლური მისწრაფების მხარდაჭერისთვის, რაც ასოცირების პროცესის წარმატებით დასრულებითა და ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაციით გამოიხატა.
რატი ბრეგაძემ დელეგაციის წევრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა. საუბარი შეეხო 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. რატი ბრეგაძის განცხადებით, ამ მიზნით საქართველოს პარლამენტში შექმნილია თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებთანაც იუსტიციის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს.
მინისტრმა გამოთქვა მტკიცე რწმენა იმისა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს კვლავ ექნება ევროკავშირის მხარდაჭერა და უახლოეს მომავალში ქვეყანა შეძლებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.