„რადიკალურმა ოპოზიციამ დღეს წააგო ანგარიშით 100:0“ - იუსტიციის მინისტრი

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დარბაზის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციას შეეძლო, მიეღო პასუხები ყველა კითხვაზე, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია.

„სპორტში არსებობს ასეთი წესი: მაგალითად, ფეხბურთში, როდესაც გუნდი არ ცხადდება გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება ანგარიში 3:0. პოლიტიკაში, რადიკალურმა ოპოზიციამ დღეს წააგო 100:0 და სირცხვილი მათ, თუნდაც, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე“.

რატი ბრეგაძემ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა:

„ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს კონსტიტუციას და ფუძემდებლურ დებულებებს, მათ შორის –უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც ადამიანებს უწოდებენ მკვლელს, როცა მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია“.

რატი ბრეგაძე დეპუტატ ანა წითლიძის რეპლიკასაც გამოეხმაურა და უფლებადამცველებს რეაგირებისაკენ მოუწოდა:

„ბავშვების საკითხს რაც შეეხება, მე თავს უფლებას არ მივცემ, მათი ამორალური სიტყვები გავიმეორო. ერთს ვიტყვი მხოლოდ – ეს განაცხადი აჩვენებს მათ დაუნდობელ დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ. აქვე მინდა, ვთხოვო სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის ორგანიზაციას, გამოეხმაურონ ამ მავნებლურ განცხადებებს შესაბამისი ფორმით“, – განაცხადა მან.