რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. „გულწრფელი მოქალაქეები“ დახვედროდნენ? ხომ შევიდოდნენ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს, როდესაც მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე საუბრობდა.

მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არ გამოუვიდათ, თუმცა კურსკის ოპერაცია სხვა არაფერია თუ მასშტაბს შევხედავთ და გავიხსენოთ 2008 წლის ომის მონაცემებს.

„ხომ დაუჯერებელია დღეს ამ გზავნილების მოსმენა? ჩვენს ოპონენტებს ხომ ასევე არ სჯეროდათ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იდენტურ ამბებს ჰყვებოდნენ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის შესახებ?

ეს მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა. თუმცა, ეს არ გამოვიდა საქართველოში და ამიტომ ამ გეგმას მოგონილი დაარქვეს. კი მაგრამ, არ გაიხსნა მეორე ფრონტი რუსეთ-უკრაინის ომში?

აბა გავიხსენოთ კურსკის ოპერაცია, როდესაც უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა ზუსტად იმ მიზნით, რომ რუსული ძალების გადასროლა მომხდარიყო ძირითადი ფრონტიდან მოშორებით და ამით შემსუბუქებულიყო სამხედრო ზეწოლა. შევხედოთ ამ ოპერაციის მასშტაბებს: 15 000 ჯარისკაცი უკრაინის მხრიდან, 60 000 ჯარისკაცი რუსეთის მხრიდან და გავიხსენოთ 2008 წლის ომის მონაცემები. მასშტაბი ერთი ერთშია. სწორედ ეს კურსკი უნდა მომხდარიყო საქართველოში, რომელიც ბევრად უკეთესი პოლიგონი იქნებოდა პოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით. კიდევ ერთი მსხვერპლი სახელმწიფო, კიდევ ბევრი მგლოვიარე ქალი და ცრემლიანი ბავშვი, რაც დამატებითი წნეხი იქნებოდა სამხედრო დახმარებაზე მოყოყმანე ქვეყნებისთვის.

ახლა კი დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. „გულწრფელი მოქალაქეები“ დახვედროდნენ, ვინც უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად უკრაინულ დროშაში გახვეულები რუსთაველიდან მეომრების გაგზავნას, ცის ჩაკეტვას და სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ? ხომ შევიდოდნენ იმ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია. ხომ მოხდებოდა აქ კურსკი. ხომ იქნებოდა აქ მეორე ფრონტი.

ეს სცენარი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას და სწორედ მეათე მოწვევის პარლამენტი ჩადგა ამ პოლიტიკური თავდაცვის ღონისძიებების ავანგარდში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.