ქართველი, რომელმაც ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი დაწერა - ვინ იყო მიხეილ მუსხელიშვილი

musxeli

სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი იგივე მიშელ მუსხელი ევროკავშირის შექმნის ერთ-ერთ იდეოლოგი და ევროპის კონსტიტუციის ფუძემდებელი იყო.

1948 წელს მან, ფრანგ მკვლევართან ერთად, ევროპის კონსტიტუციის პროექტი შექმნა, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე ევროკავშირის კონსტიტუციას. ნაშრომში „ევროპის ფედერალიზმის სტრუქტურა” დაასაბუთა ევროპის გაერთიანების აუცილებლობა.

1958 წელს, ბრიუსელში, საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას, მიხეილ მუსხელიშვილმა ინსტიტუციების შექმნის საკითხი დააყენა, რაც მალევე განხორციელდა და თანამედროვე ევროკავშირის ინსტიტუტები შეიქმნა.

მიშელ მუსხელი “ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის წარმომადგენლის მანდატი”, 1952

მიხეილ მუსხელიშვილი იყო ევროპაში საზღვრების მოშლის ერთ-ერთი ინიციატორი. მან 1951 წელს 8 ქვეყნის 300-ზე მეტ სტუდენტთან და სამ თანამოაზრე პროფესორთან ერთად, სიმბოლურად მოშალა საფრანგეთ-გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა, რაც გულისხმობდა ევროპის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას. საფუძველი ჩაუყარა შენგენის ზონის შექმნას ევროპაში.

სტრასბურგის უნივერსიტეტში ის ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ევროპის კვლევით ცენტრს. ეს ცენტრი დღესაც არსებობს და „მუსხელის ცენტრის“ სახელწოდება აქვს. მიშელ მუსხელი იყო პატარა ერების უფლებების დამცველი – წერდა ევროპულ პარალელებზე „საქართველო და ევროპა”, „ქართულ-ევროპული მოძრაობის მემორანდუმი,” „რუსეთი არ არის ევროპა“ და სხვა.

გაზეთ „ლე ფიგაროს” ცნობით,1950 წლის 6 აგვისტოს სტრასბურგში, ევროკონფერენციის გახსნის წინადღეს, ევროპის 8 ქვეყნის 300-მა სტუდენტმა, მიშელ მუსხელისა და კიდევ სამი სხვა პროფესორის წინამძღოლობით, მოშალა საფრანგეთ–გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა.

„ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ. დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს”,_ უთქვამს მაშინ მიშელ მუსხელს…

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ედიშერ ჯაფარიძის კვლევის მიხედვით, მიხეილ მუსხელიშვილს იგივე მიშელ მუსხელს უკავშირდება ისეთი ძირეული ცვლილებები, როგორიცაა, განათლების, ევროპა საზღვრების გარეშე, ერთიანი ბაზარი, საფრანგეთის კონსტიტუციის ძირითადი დებულებები.

1948 წელს მან ფრანგ კონსტიტუციონალისტ სტეფან გასტონთან ერთად შექმნა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტი, რომლის მნიშვნელოვანი დებულებები ასახულია თანამედროვე ევროკავშირის სამართალში.
კონსტიტუციის პროექტში დეტალურად გაწერილია პოლიტიკური და სოციალური დემოკრატიის პრინციპები, რაც დაფუძნებულია მშვიდობასა და სოციალურ სამართალზე ფედერაციის ერთიანობაში და ფედერაციული სახელმწიფოების განსხვავებულობაში.
ერთიანი ევროპული ბაზრის შექმნისა და ევროგაერთიანების ინსტიტუციების დაარსების იდეა.
ევროპაში საზღვრების მოშლის კონცეფცია, რაც ახლა, „შენგენის ზონით” არის ცნობილი – ევროკავშირში ფაქტობრივად საზღვრები მოშალა.
ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მოდერნიზაცია და ევროპული საგანმანათლებლო სისტემების და პროგრამების ჰარმონიზაცია, რისი ანალოგიც არის ,,ბოლონიის პროცესი’’.
 

2020-07-31საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობას - The Parliament magazine

1964 წლის 11 ივლისს ვალე-დ’აოსტში მიხეილ მუსხელიშვილი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ალექს ვეილმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში თქვა:

„ჩვენი მეგობარი მიშელ მუსხელი იმ პირველ მოაზროვნეთა შორის იყო, ვინც ევროკავშირის შექმნის იდეა შემოიტანა და ამ იდეის შექმნისთვის იბრძოდა კიდეც სტრასბურგში.”

ევროპულ პრესაში მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „უნივერსიტეტთა სამყაროსათვის, ევროპულ მოძრაობათათვის ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია”,- წერდა ფრანგული გაზეთი „მონდი“.

მიშელ მუსხელის გარდაცვალების წლისთავზე ორი რომაელი სტუდენტი ავიდა მონბლანზე და ერთიანი ევროპის დროშა ააფრიალეს… ეს აქტი საყვარელი პროფესორის ხსოვნას მიუძღვნეს…

მიხეილ მუსხელიშვილი 1903 წელს თბილისში დაიბადა. ის მამამ 1918 წელს, უმაღლესი განათლების მისაღებად გერმანიაში გააგზავნა. მიშელ მუსხელს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 1931 წელს მიენიჭა და პარიზის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ინსტიტუტის პროფესორად მუშაობდა. მიშელ მუსხელი დაოჯახებული არ ყოფილა.

სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრის გამგე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი მიხეილ მუსხელიშვილი დაკრძალულია საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში.