ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც "ნაციონალურმა მოძრაობამ", 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად მოაწერა ხელი, მნიშვნელოვანი განაცხადია - თინათინ ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა

ექვსი პარტია ოპოზიციის ერთობის დეკლარაციას ხელს აწერს - მათ შორისაა "ნაციონალური მოძრაობა, "გირჩი – მეტი თავისუფლება", "ახალი", "ლელო“, "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

დოკუმენტი გულისხმობს ერთობას, როგორც არჩევნებამდე ასევე მის შემდეგ და იზიარებს სალომე ზურაბიშვილის ქარტიის მიზნებს.

კონკრეტულად რა ფორმით მიიღებს 26 ოქტომბრის კენჭისყრაში ექვსი პარტია მონაწილეობას ჯერ უცნობია. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ერთიანობის კონფიგურაცია 8 ივლისამდე უნდა მოიძებნოს.

ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის მიზნები, რაც აერთიანებს პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს. ესენია - თავის შეკავება ერთმანეთზე თავდასხმებისგან, არჩევნების შემდეგ ქარტიის პუნქტების შესასრულებლად კოალიციის ჩამოყალიბება და პარლამენტში წინააღმდეგობის გაწევა, ისეთი მთავრობის ფორმირებაზე, რომლის ნაწილიც "ქართული ოცნება" იქნება.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციის ერთიანობა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, მნიშვნელოვანი განაცხადია. ეს მიუთითებს ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ერთობა საჭიროა ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს დასაბრუნებლად სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.