ქალბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებთ ერთი ხელით, მეორე ხელით თქვენს გადადგომას მოაწერეთ ხელი - სოსო რობაქიძე

სოსო რობაქიძე

"არ შეიწყალო კრიმინალი" - ამ სლოგანით საპროტესტო აქციას გამართავენ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკლული პირების ოჯახის წევრები. აქცია ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართება.

2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართა და აქციის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

"მინდა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ: ქალბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებთ, ერთი ხელით, რომლითაც თქვენ შეწყალებას მოაწერთ, მეორე ხელით თქვენს გადადგომას მოაწერეთ ხელი.

ჩვენნაირი ხალხისთვის ცალკე ტანჯვა, რომ ვუყურებთ, რომ ეგ არის კომფორტში და ჯერ იმაზე მეშლება ნერვები, რომ რამდენ პატიმარს უჭირს და ეს აქ 5 ვარსკვლავიანშია. ეს კაცი როგორც კი ოდნავ გამოკეთდება, იმ წუთში უნდა გადაიყვანოთ ისევ ციხეში“,  - განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ.