ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1775630415
ქალაქ ხაშურში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის შექმნას ისახავს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ეტაპობრივად ახორციელებს პროექტს, რომელიც მოიცავს როგორც ქალაქ ხაშურს, ასევე მიმდებარე სოფლების - ცხრამუხასა და ოსიაურის - წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობას.
პარალელურად მიმდინარეობს 30,000-40,000 მოსახლეზე გათვლილი წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და 2.5-კილომეტრიანი ბაიპასის პროექტირება-მშენებლობა. მნიშვნელოვანია, რომ გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა მზის პანელები, რაც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის ზრდას და სისტემის მდგრად ფუნქციონირებას.
პროექტი ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), ევროკავშირისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში 350 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ხაშურის მოსახლეობამ საბოლოოდ მიიღოს გაუმჯობესებული, უსაფრთხო და თანამედროვე კომუნალური მომსახურება.
ამ მნიშვნელოვან პროექტზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, გიორგი შონიას ვესაუბრეთ.
-ბატონო გიორგი, რა მასშტაბის პროექტი ხორციელდება ხაშურში?
ქალაქ ხაშურში ნამდვილად მასშტაბური და მრავალკომპონენტიანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ერთდროულად მოიცავს როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულყოფას. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულების სამუშაო - საუბარია კომპლექსურ განახლებაზე, რომელიც ქალაქისა და მისი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მთელი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ეწყობა წყალარინების ქსელი. პარალელურად ხორციელდება სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მშენებლობა, რაც სისტემის გამართულ და უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია ქალაქის დარჩენილ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობა.
ამასთანავე, ვიწყებთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - 30,000-40,000 მოსახლეზე გათვლილი წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და 2.5-კილომეტრიანი ბაიპასის პროექტირება-მშენებლობას, რაც ქალაქისთვის ეკოლოგიური და ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია.
საერთო ჯამში, ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 300 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, ხოლო გამწმენდი ნაგებობის ცალკე პროექტის ღირებულება 19 მილიონ ევროზე მეტია. პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ჩვენი მთავარი მიზანია, ხაშურის მოსახლეობამ მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და უწყვეტი მომსახურება.
- რა ეტაპზეა დღეს ხაშურის წყალმომარაგების პროექტი და როდის იგეგმება მისი დასრულება?
პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო ხაშურის მოსახლეობას იმ დისკომფორტისთვის, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ახლავს თან. კარგად გვესმის, რომ გადათხრილი ქუჩები, გადაადგილების შეფერხება და ყოველდღიურ ცხოვრებაში შექმნილი სირთულეები მოქალაქეებისთვის სერიოზული პრობლემაა.
თუმცა მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ასეთი მასშტაბური მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების - მოწყობა და განახლება ზედაპირული სამუშაოებით შეუძლებელია. როდესაც საქმე ეხება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, გარკვეულ ეტაპზე გზის საფარის გახსნა და შესაბამის მონაკვეთებზე ინტენსიური სამუშაოების წარმოება გარდაუვალია.
ჩვენ ვცდილობთ, სამუშაოები მაქსიმალურად ორგანიზებულად და ეტაპობრივად შესრულდეს, რათა მოსახლეობისთვის შექმნილი შეფერხებები მაქსიმალურად შემცირდეს. ჩვენი მთავარი მიზანია, ეს დროებითი დისკომფორტი საბოლოოდ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდეს - ხაშურმა მიიღოს მოწესრიგებული, თანამედროვე და გამართული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ამ დროისთვის ხაშურის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პროექტით გათვალისწინებულ ყველა ძირითად ლოკაციაზე. ხელშეკრულებით პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 24 აპრილი, თუმცა უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ნოემბრისთვის მოიაზრება.
-კონკრეტულად, რა სამუშაოებს მოიცავს პროექტი და რა გაუმჯობესებას იგრძნობს მოსახლეობა მისი დასრულების შემდეგ?
პროექტი საკმაოდ ფართომასშტაბიანია და მოიცავს როგორც წყალმომარაგების ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ისე არსებული სისტემების განახლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას.
კერძოდ, პროექტის ფარგლებში ცხრამუხის სათავე ნაგებობაზე მოეწყობა ახალი, ჰორიზონტალური დრენაჟის ტიპის 350-მეტრიანი წყალმიმღები და 5 სასმელ-სამეურნეო ჭაბურღილი, ასევე ნაპირდაცვის მიზნით აშენდება 340-მეტრი ფლეთილი ქვის გაბიონი. ხცისის სათავე ნაგებობაზე, სოფელ ოსიაურის მიმდებარედ, ასევე გათვალისწინებულია 5 სასმელ-სამეურნეო ჭაბურღილის მოწყობა.
ცხრამუხის სათავის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი სატუმბო სადგურის შენობა, საიდანაც წყალი ბეკამისა და ზემოსერის რეზერვუარების მიმართულებით გადაიტუმბება. პროექტი, ასევე, მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზერვუარის მშენებლობასა და რეაბილიტაციას, მათ შორის ცხრამუხისა და ხცისის 250 მ³ მოცულობის შემკრებ რეზერვუარებს, ბეკამში ახალი 2×500 მ³ რეზერვუარების მოწყობას, ზემო სერში ახალი 2×3000 მ³ რეზერვუარების მშენებლობას, ხოლო გაგარინის რეზერვუარების რეაბილიტაციას.
გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია 3.4 კილომეტრი წყალმიმღები მილმდენის, 23.1 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, სერვის-ცენტრის რეაბილიტაცია და SCADA სისტემის დანერგვა, რაც წყალმომარაგების პროცესის თანამედროვე მართვასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს.
პროექტის დასრულების შემდეგ ხაშურის მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იგრძნობს იმ მხრივ, რომ ქალაქი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხიც, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოვა დადგენილ რეგლამენტთან და თანამედროვე სტანდარტებთან.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ ქალაქ ხაშურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამის დოკუმენტს ხელი კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანიის - „JV of YDA Insaat San. Ve Tic. A.S. & MITAS Prj. Ins. Teks. ve San. Ver Tic. A.S.“ - წარმომადგენელმა ოზჯან ჩაქმაქმა მოაწერეს.
ხაშურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ქალაქის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, რაც არსებითად გააუმჯობესებს წყალარინების სისტემის ფუნქციონირებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.
კომპანიაში განმარტავენ, რომ წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა მათი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რადგან ეს მიმართულება პირდაპირ უკავშირდება როგორც გარემოსდაცვით უსაფრთხოებას, ისე მოსახლეობისთვის თანამედროვე, საიმედო და მდგრადი კომუნალური ინფრასტრუქტურის შექმნას.
გიორგი შონია:
„წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული მიმართულებაა. ამ ტიპის ინფრასტრუქტურა მხოლოდ ტექნიკური პროექტი არ არის - ის პირდაპირ უკავშირდება გარემოს დაცვას, მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ქალაქების მდგრად განვითარებას.
ხაშურში დაგეგმილი გამწმენდი ნაგებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სრულფასოვანი შედეგის მისაღებად აუცილებელია, სისტემა იყოს კომპლექსურად გამართული. სწორედ ამიტომ, წყალარინების ქსელის მოწყობასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობის არსებობას.
ჩვენი მიზანია, ხაშურის მოსახლეობამ საბოლოოდ მიიღოს არა მხოლოდ გაუმჯობესებული წყალმომარაგება, არამედ სრულყოფილი, ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე წყალარინების სისტემა, რომელიც ქალაქის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს.“