ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768545022
პუტინი მატყუარაა, რომელიც სამშვიდობო პროცესს დასცინის, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა, როჯერ უიკერმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო დარტყმები გააძლიერა და ამ ნაბიჯით აჩვენა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.
„პუტინმა ცოტა ხნის წინ კონფლიქტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა და არაერთხელ აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით. ამის საპირისპიროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა შეიმუშავეს მოლაპარაკების საერთო პოზიცია, რომელიც რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება“, – თქვა მან.
ამასთან, სენატორმა აშშ-ს, ევროპას და უკრაინას მოუწოდა, შეინარჩუნონ ერთიანობა და გაიხსენონ, „ვისთან აქვთ საქმე ვლადიმერ პუტინის სახით“.
„პუტინი არ ნანობს. ის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება „კაგებეს“ აგენტი. ის არის დიქტატორი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სისხლის ღვრა აქვს ხელებზე. ის არის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდი, ომის დამნაშავე, რომელიც ახლა ციხეში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, პუტინი მატყუარაა. როდესაც ვლადიმერ პუტინი იღიმის, ის ჩვენი მეგობარივით იქცევა და თავს იმართლებს, თითქოს ჩვენ მას მეგობრად მივიჩნევთ“, – ხაზგასმით აღნიშნა უიკერმა.
სენატორმა ასევე მოიყვანა საზოგადოებრივი გამოკითხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ამერიკელების 70% არ სჯერა, რომ პუტინი პატივს სცემს უკრაინასთან ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას.