მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
14 დეკემბერს დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით დღეს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს უხუცესთა საბჭომ“ განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ხელოვნურად დაძაბულ ვითარებაში იმართება.
„ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით მოქმედი მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ მართვადი ქაოსის შექმნას, რაც, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯების საპირისპიროდ, სუვერენიტეტის შესუსტებას ისახავს მიზნად.
ისინი დესტაბილიზაციისთვის რამდენიმე ფაქტორს იყენებენ, რომელთა შორისაა საპრეზიდენტო არჩევნებიც.
სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს წევრებს მიგვაჩნია, რომ არჩევანის ხაზი ახლა პრეზიდენტობის კანდიდატზე კი არა, სტაბილურ განვითარებასა და დესტაბილიზაციას შორის გადის, ვირჩევთ ან ერთს, ან მეორეს.
კანდიდატთან დაკავშირებით კამათი ყოველთვის შეიძლება, მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის გარშემო ატეხილ დავას სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადავაყოლოთ.
მოგმართავთ საქართველოს ყველა უხუცესს, ვისი ღვაწლითა და მხრებითაც არის ეს ქვეყანა დღემდე აშენებული და მოტანილი. გამოიყენეთ თქვენი დამსახურებული ავტორიტეტი შვილების, შვილიშვილების, ოჯახის წევრების წინაშე, ნუ შეუწყობენ ხელს მტრების მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას.
მოგმართავთ სრულიად საქართველოს, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად ხელისუფლებასთან დამოკიდებულებისა, განსხვავებული საგარეო ორიენტაციისა, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, სქესისა, განათლებისა და პოლიტიკური მსოფლმხედველობისა, ნუ დავძაბავთ ისედაც დაძაბულ სიტუაციას, ნუ შევუწყობთ ხელს ჩვენი ქვეყნის მტრებს პროვოკაციის მოწყობაში.
დაე, უფლებამოსილმა პირებმა აირჩიონ პრეზიდენტად ის კანდიდატი, ვინც მმართველმა პარტიამ შეარჩია და, ვისაც გააჩნია ყველა ის თვისება, რომელიც საჭიროა ამ პოსტზე ღირსეული მოღვაწეობისთვის“, - ნათქვამია „უხუცესთა საბჭოს“ განცხადებაში, რომელსაც ხელს საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და გამგეობის წევრები აწერენ.