პრემიერი: იმდენად კომპლექსური და რთულია განათლების რეფორმა, შეიძლება, რომ უამრავი აზრი არსებობდეს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მზად ვართ დისკუსიისთვის, თუ ეს დისკუსია იქნება ჯანსაღი და დაფუძნებული ობიექტურ სახელმწიფო ინტერესებზე

ირაკლი

იმდენად კომპლექსური და რთულია განათლების რეფორმა, შეიძლება, რომ უამრავი აზრი არსებობდეს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ მზად დისკუსიისთვის, თუ ეს დისკუსია იქნება ჯანსაღი და დაფუძნებული ობიექტურ სახელმწიფო ინტერესებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მისივე თქმით, თუ ვინმეს აქვს სურვილი, მთავრობასთან ერთად იზრუნოს უმაღლესი განათლების დონის ამაღლებაზე, მთავრობა მზად არის დისკუსიისთვის.

„პირდაპირ ვიტყვი - თავის ტკივილია ასეთი მასშტაბის რეფორმა. შეიძლება, მშვიდად იყო შენთვის და დარჩება ის დაბალი ხარისხი უმაღლესი განათლების მიმართულებით, რაც დღეს გვაქვს. რეალურად, სერიოზული თავის ტკივილია ამ მასშტაბის რეფორმის განხორციელება, შესაბამისად, არავითარი სუბიექტური ინტერესი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ღია ვართ ნებისმიერი დისკუსიისთვის. თუ ვინმეს მართლა უნდა, რომ ჩვენთან ერთად იზრუნოს უმაღლესი განათლების დონის ამაღლებაზე, მზად ვართ დისკუსიისთვის.

კანონმდებლობის ცვლილებას დასჭირდება და, შესაბამისად, საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდება ეს განხილვები, თუმცა სამთავრობო ფორმატშიც ვფიქრობთ, რომ შესაბამის წრეებთან, მათ შორის, დარგის სპეციალისტებთან გავმართოთ დისკუსიები და თვითონ საუნივერსიტეტო სისტემის წარმომადგენლებთან, როგორებიც არიან რექტორები და სხვა წარმომადგენლები. ყველასთან შეგვიძლია დისკუსია, თუმცა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტატუსის მქონე ადამიანებთან გვექნება განხილვები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.