პრემიერი: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს - ფორუმი გვაძლევს საშუალებას, კოლეგებთან ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე

ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს, - განუცხადა აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, თურქმენეთში გამართული ფორუმი იძლევა იმის საშუალებას, რომ კოლეგებთან ერთად ისაუბრონ თანმშრომლობის განვითარების თემებზე.

„დღეს მონაწილეობა მივიღეთ ფორუმში, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლისთავს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში მონაწილეობა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას. დღეს აქ წარმოდგენილია ხუთივე სახელმწიფო ლიდერი. ასევე, აქ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს. ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე“, - განაცხადა პრემიერმა.