1692302192
,,პრემიერ-მინისტრისგან მოველით ანგარიშს, თუ რა მიმართულებებით ვითარდება საქართველო და სად არის ის პრობლემები, რომელიც დასაძლევია" - გიორგი ვოლსკი

,,ჩვენ მოველით პრემიერ-მინისტრისგან ანგარიშს, თუ რა მიმართულებებით ვითარდება საქართველო, სად არის ის პრობლემები, რომელიც არის დასაძლევი და, რასაკვირველია, საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანა არის მთავარი თემა დღეს, რომელიც აღელვებს მმართველ გუნდს," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ანგარიშს გამოეხმაურა.
"დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია შენარჩუნება იმ ვითარების, რომელიც საქართველოში არსებობს. ის უშველებელი ძალისხმევა, რომელიც ამისთვის იხარჯება მთავრობის მიერ, სწორედ ის თემა იქნება, რომელზეც ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება - ბოლო პლენარულ სხდომაზე მოხსენებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე წარადგენს - მთავრობის მეთაური სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, პრემიერის ყოველწლიური მოხსენება, წერილობითი ფორმით, პარლამენტს ივნისის დასაწყისში გადაეგზავნა.რომელშიც საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა.
ირაკლი კობახიძის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.