პლენარულ სხდომაზე მოხდება წარმოდგენილი კანდიდატების მხარდაჭერა - ირაკლი ქადაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შესახებ

ქადაგიშვილი

დეპუტატები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს კენჭს დღეს უყრიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გოჩა ჯეირანაშვილის, გიზო უბილავას და ბადრი შონიას კანდიდატურებს უკვე ჰქონდათ მხარდაჭერა.

ოპოზიცია მათ მხარს არ უჭერს, რადგან მიიჩნევენ, რომ ე.წ კლანურ მმართველობასთან არიან კავშირში. მმართველი გუნდში კი ყურადღებას მოსამართლეთა საქმიანობასა და სისტემის გაძლიერების გზებზე ამახვილებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, წარმოდგენილ კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე მხარს დაუჭერენ.

"პლენარულ სხდომაზე მოხდება წარმოდგენილი კანდიდატების მხარდაჭერა, იმიტომ, რომ მათი მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიმდინარეობდა და თითოეული კანდიდატის გარშემო დასმული კითხვებიც, მათ ხედვებიც და პოზიციებიც იქნა მოსმენილი. სასამართლო სისტემა, რომ სრულყოფილად  ფუნქციონირებდეს მნიშვნელოვანია, ყველა ვაკანსია იყოს შევსებული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.