როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, თუ რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თბილისის მერ კახა კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და მათი გაღრმავების პერსპექტივებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თბილისის მერს თვითმმართველობის არჩევნებში ხელახალი გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ შედეგები, რომელმაც კახა კალაძემ არჩევნებზე აჩვენა, კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის ამომრჩევლის ურყევ მხარდაჭერას მისადმი.
მინისტრმა კახა კალაძეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანისგან მხარდაჭერა გადასცა.
„დიდი პატივია ჩვენთვის, რომ თბილისის მერი კალაძე გვსტუმრობს სამინისტროში. ძალიან იშვიათია ამ შენობაში ორგზის ჩემპიონის სტუმრობა. ვისიამოვნეთ ამ შეხვედრით და დიდ პატივად მივიღეთ. ვამაყობ, რომ ერთმანეთს პირადად დიდი ხანია ვიცნობთ. იშვიათად ვაკვირდებით უცხო ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებს, რადგან ეს საშინაო საქმეა. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულშემატკივრობდით ბატონ კალაძეს, რომ კვლავ მოეგო არჩევნები თბილისში. მან დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, თუ რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით.
ვთხოვ, რომ თუ აქვს დროს, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ჩაუტაროს ლექციები, დარწმუნებული ვარ, კარგი რჩევების მიცემა შეუძლია დედაქალაქის მართვასთან დაკავშირებით. ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით. ვამაყობთ, რომ აქ საუბარია ორი ისეთი მთავრობის თანამშრომლობაზე, რომლებიც არიან პატრიოტები, სუვერენიტეტისა და მშვიდობის მომხრეები. მე მერ კალაძეს ვუთხარი, რომ ჩვენ, უნგრელები, ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს. უნგრელებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და არ ხარ თანხვედრაში ლიბერალურ მეინსტრიმთან. თუმცა იქნებ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც უნგრელი ხალხი მხარს გვიჭერს. ვინაიდან თქვენი მთავრობაც პატრიოტულ პოლიტიკას ატარებს, სწორედ ამიტომ უჭერს მხარს მას საქართველო“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
თავის მხრივ, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის ხელისუფლებას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის საქართველოს მიმართ იჩენს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველაფერზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსევდო ლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც თავსმოხვეულია და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, სერიოზული გამოწვევაა დღეის მდგომარეობით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უნგრეთს, მის ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს ბატონ ვიქტორ ორბანს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გვიხარია, რომ როგორც საქართველო, ისე უნგრეთი იბრძვის სიმართლისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, როგორც კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებსაც.
„შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მძიმე ვითარებას. ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს და ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეხვედრას საქართველოს ელჩი უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.