FBI-მ თოვლის კაცზე ოფიციალური ფაილები გამოაქვეყნა - ექსპერტიზის დეტალები

თოვლის კაცი

FBI-ის ელექტრონული საცავში ცნობილ ადამიანებზე, პოლიტიკოსებსა თუ კრიმინალებზე ადრე გასაიდუმლოებული და დავიწყებული ათასობით დოკუმენტი ინახება. ასეთ დოკუმენტებს მხოლოდ ამ ადამიანთა სიკვდილის შემდეგ ასაჯაროებს.

ცოტა ხნის წინ ამ პლატფორმაზე 22-გვერდიანი ფაილი გამოქვეყნდა იეტის, იგივე თოვლის კაცის, შესახებ.

ამ მითურ არსებას ბუნდოვანი ისტორია აქვს. მიიჩნევენ, რომ იეტი ნახევრად ადამიანია, ნახევრად კი — ცხოველი. ის ჩრდილოეთი ამერიკის ტყეებში არაერთხელ დაუფიქსირებიათ. თოვლის კაცმა ფანატიკოსებში ისეთი აღტაცება გამოიწვია, რომ ჭეშმარიტების ძიების პროცესში დიდმა თაყვანისმცემლებმა მთავრობაც კი ჩარიეს.

FBI-ის საცავზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ფაილში ძირითადად 1976-1977 წლების მიმოწერაა ასახული; იეტის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, პიტერ ბერნმა, FBI-ს თმის უცნაური ნიმუშის შემოწმება სთხოვა.

თავდაპირველად ბიურომ ნიმუშის შესწავლაზე უარი განაცხადა, რადგან მათი ლაბორატორია მხოლოდ კრიმინალურ საქმეებზე მუშაობდა. მოგვიანებით ცნობილმა გაზეთებმა, მათ შორის New York Times-მა Washington Star-News-მა, ამ მოვლენის შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს, რის გამოც FBI ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა.

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ პასუხი მოვიდა, რომელიც შეთქმულების თეორიის მოყვარულთათვის სამწუხარო აღმოჩნდა — კვლევამ დაადგინა, რომ თმის ნიმუში სინამდვილეში ირმისებრთა ოჯახის წარმომადგენელს ეკუთვნოდა.

ამ იმედგაცრუების მიუხედავად, იეტის ფანატიკოსები გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებს არ ენდობიან, ბევრი მათგანი კი ძიებას კვლავაც აგრძელებს.